2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა.

„სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა.

ხანდაზმულთა შორის მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, რაც მათ მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განაკუთვნებს.

უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მასშტაბების კვლევის, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა თავისთავად იწვევს სოციალური საცხოვრისებში გაუსაძლის მდგომარეობას. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები”, - აღნიშნა მან.