უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა წევრობა შორს არის - CNN

სამშაბათს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი მომენტია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, თუმცა წევრობის გზა გრძელი და რთული იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორივე ერს ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააკეთეს, თუმცა მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერისა, გაწევრიანების პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება.

უნგრეთი(რუსეთის გავლენის გამო) ადრე უკრაინას რამდენიმე საკითხში, მათ შორის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხში ეწინააღმდეგებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაპირველად უკრაინის წინადადება გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად დაბლოკა, მაგრამ საბოლოოდ დანებება მოუწია.თუმცა, ორბანს მაინც შეუძლია უკრაინას დაბრკოლებები შეუქმნას.

ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატებმა სხვადასხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკური სტანდარტები და კანონის უზენაესობა, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდება როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინისთვის. ამჟამად არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს, რაც განსაკუთრებით რთულია უკრაინისთვის მიმდინარე ომის გამო.

მოლდოვა სხვა გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა დნესტრისპირეთის გადაუჭრელი სტატუსი. სწორედ ეს სიტუაცია შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირში გაწევრიანების ბარიერად.

პრაქტიკული და ტექნიკური მოლაპარაკებების გარდა, არსებობს სადაო პოლიტიკური საკითხები. ევროკავშირის გაფართოება, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების შემთხვევაში, გავლენას მოახდენს ბლოკის ბიუჯეტსა და დინამიკაზე. ორივე ქვეყანა, სავარაუდოდ, ევროკავშირის ბიუჯეტის წმინდა მიმღები იქნება, რაც პოტენციურად რთული იქნება წევრი ქვეყნებისთვის.

გარდა ამისა, ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო კონკურენცია, როგორც ჩანს უკვე გამოიწვია გარკვეული უთანხმოება, რადგან პოლონეთმა ფერმერების დასაცავად უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დროებით აკრძალა.

უკრაინისა და მოლდოვის მიღება ევროკავშირისთვის დაახლოებით 40 მილიონ ახალ მოქალაქეს ნიშნავს, რაც პოტენციურად გაზრდის მიგრაციას ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიებიდან. ამან შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროკავშირის შიგნით, რადგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ხშირად აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დასავლელი და სამხრეთელი კოლეგების მიმართ.

“ამ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინისა და მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსული გავლენისგან თავის დასაცავად, თუმცა მოლაპარაკებები მეტწილად სიმბოლურია და სრულფასოვანი წევრობა შორეულ მიზნად რჩება” - აცხადებს CNN