კონკურენციის სააგენტომ Apple City-ს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მობილური და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, შპს „აისითის“ (Apple City) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა - კანონით გათვალისწინებული ინფორმირების ვალდებულებისა და კანონისმიერი საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. GCCA-ის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - მაისის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 17 512 ლარი, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე - 55 შეთანხმება გაფორმდა.