რომელია მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები - 2024 წლის რეიტინგი

Qatar Airways წელს ავიაკომპანიების გლობალურ რეიტინგ World Airline Awards-ს ლიდერობს. რეიტინგი ბრიტანულმა მარკეტინგულმა კომპანია Skytrax-მა შეადგინა, რასაც CNBC ავრცელებს.

გასულ წელს Qatar Airways რეიტინგში მეორე პოზიციაზე იყო, წელს კი ადგილი 2023 წლის ლიდერ Singapore Airlines-ს გაუცვლა. მთლიანობაში, Qatar Airways-მა 1999 წლიდან მოყოლებული რეიტინგში პირველი ადგილი მერვედ დაიკავა.

Qatar Airways, ასევე, მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესკლასის, ხოლო ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო Singapore Airlines საუკეთესო ბორტგამცილებლებისა და პირველი კლასის რიტინგში ლიდერობს, ასევე, აზიაში საუკეთესო ავიაკომპანიაა.

პირველ ათეულში აზიური ავიახაზები დომინირებს და რეიტინგის ლიდერებს შორის არც ერთი ამერიკული ავიაკომპანია არ არის.

World Airline Awards-ის 2024 წლის ტოპ 10-ეულია:

  • Qatar Airways
  • Singapore Airlines
  • Emirates
  • ANA All Nippon Airways (იაპონია)
  • Cathay Pacific Airways (ჰონგ-კონგი, ჩინეთი)
  • Japan Airlines
  • Turkish Airlines
  • EVA Air (ტაივანი)
  • Air France
  • Swiss International Air Lines (ტოპ 10-ეულში შარშანდელი მე-12 ადგილიდან დაწინაურდა)

ამასთან, Korean Air შარშანდელი ტოპ 10-ეულიდან გავარდა და მე-11 ადგილი დაიკავა.

Saudia (ყოფილი Saudi Arabian Airlines) ბოლო ერთ წელში ყველაზე პროგრესირებად ავიაკომპანიად დასახელდა და რეიტინგში შარშანდელი 23-ედან მე-20 ადგილზე დაწინაურდა.

რეგიონების მიხედვით, ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად Turkish Airlines, ჩრდილოეთ ამერიკაში Delta Air Lines, სამხრეთ ამერიკაში LATAM, აფრიკაში Ethiopian Airlines, აზიაში Singapore Airlines, ხოლო ჩინეთში Hainan Airlines დასახელდა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეიტინგში მსოფლიო ლიდერი მალაიზიური AirAsia-ა, ხოლო ამ სეგმენტში ევროპაში პირველი ადგილი ესპანურმა Volotea-მ დაიკავა.

საუკეთესო საავიაციო ალიანსად Star Alliance იქნა აღიარებული, რომლის დამფუძნებლებიც United Airlines, Lufthansa, Air Canada, Scandinavian Airlines და Thai Airways International არიან.

Skytrax-ის ონლაინ გამოკითხვა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ჩატარდა, რომელშიც მგზავრები 100-ზე მეტი ქვეყნიდან გამოიკითხა. მთლიანობაში, გამოკითხვის დროს 350-ზე მეტი ავიაკომპანია იქნა ნახსენები, თუმცა საბოლოო რეიტინგში მხოლოდ 100 საუკეთესო ავიაგადამზიდავი მოხვდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ