„აქაურობა უნდათ გადააქციონ ოფშორულ ზონად, სადაც გაირეცხება უცხოური ფული“ , - ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტის მიხედვით, საქართველოში უცხოელებისთვის აზარტულ თამაშობებში ჩართვა მარტივდება, ამასთან, თამაშებში ჩართული უცხოელები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ხოლო სათამაშო ბიზნესი უცხოელებისგან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება.
როგორც ანა დოლიძე bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, სათამაშო ბიზნესის გაუქმების ნაცვლად, იქმნება „ოფშორული ზონა“, სადა „უცხოური ფული გაირეცხება“.
„ეს არის გაგრძელება ხელისუფლების ომის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და იმის, რომ აქაურობა უნდათ გადააქციონ ოფშორულ ზონად, სადაც იქნება მარტო თამაშდამოკიდებული, ნარკოდამოკიდებული ხალხი და სადაც „გაირეცხება“ უცხოური ფული. იმის მაგივრად, რომ გააუქმონ ონლაინ აზარტული თამაშები, რაც არის ხალხის უმეტესობის მოთხოვნა, ყოველწლიურად რეკორდული რაოდენობის ფული ამოაქვთ ხალხის ჯიბიდან, 52 მლრდ არის სათამაშო ინდუსტრიის წლიური ბრუნვა და ეს არის ფული რომელიც სინამდვილეში უნდა მიდიოდეს ბავშვების კვებაზე, სკოლების გარემონტებაზე, ახლა ამას ემატება საშუალება, რომ აქ „გაირეცხოს“ უცხოური ფული. რატომა არის ეს დაჩქარებული წესით?! იმიტომ, რომ არ აქვთ არჩევნების მოგების იმედი და სასწრაფოდ უნდათ, ეს შესაძლებლობა გამოსძალონ ხელისუფლებას. ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს ომი, ემიგრაციის, სიღარიბის, ნარკოდამოკიდებულების და ლუდომანიის გაზრდა. ცარიელ ოფშორულ ზონად უნდათ გადააქციონ ის ტერიტორია, რომელიც დაგვრჩა“,- ამბობს ანა დოლიძე.