დაუფასოებელ სურსათზე წარმოშობის ქვეყნის მითითება სავალდებულო ხდება - კიდევ რა ცვლილებები იგეგმება

„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები შეეხო დაუფასოებელ სურსათს.

დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულო ხდება.

კერძოდ, სავალდებულო იქნება სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, აქამდე სავალდებულო იყო წარმოშობის ქვეყნის მითითება მხოლოდ ხორცზე, განხორციელებული ცვლილებებით კი სავალდებულო იქნება ყველა სახის სურსათისთვის.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან შევა ძალაში.

მერი ტაბატაძე