„კადრების დეფიციტის კუთხით სიტუაცია გაუარესდა - მშრომელი ადამიანური რესურსი ძალიან ცოტა დარჩა საქართველოში“

­„კადრების დეფიციტის კუთხით სიტუაცია გაუარესდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი არის გაძვირებული ცხოვრება. მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმროების სექტორში მინიმალური ხელფასი დაბალ პოზიციაზე 1000 ლარიდან იწყება, გაძვირებული ცხოვრების ფონზე კი მოქალაქეს 1000 ლარი ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც არ ყოფნის.

„მინიმალური ხელფასი როდესაც 1000 ლარიდან იწყება, ეს 1000 ლარი საცხოვრებელ მინიმუმ პირობებს აღარ აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, კადრები რომლებიც უკვე გადამზადებულები არიან, ძალიან ცოტაა, ამიტომ გვიწევს იმ კადრების აყვანა, რომლებმაც არ იციან, მაგრამ თან ვასწავლით თან ხელფასს ვუხდით. ეს გარკვეულ რისკებთან და დროსთან არის დაკავშირებულია. ამ კადრების აყვანა მინიმალური 1000 ლარიანი ხელფასით, ძალიან ჭირს და როგორც კი სახელფასო ზედა ზღვარზე ავდივართ ჩამოთვლილი პირობებით, ეს მერე ურტყამს სასტუმროს როგორც ბიზნესის ბიუჯეტს“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.

ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ სასტუმროების მუშაობაც რისკის ქვეშაა და სტაბილური არ არის, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირ აისახება ტურიზმის სექტორზე. არასტაბილური გარემოსა და რისკები გამო კი სასტუმროებს უჭირთ სახელფასო ბიუჯეტის გაზრდა.

„გამოწვევაა ისრაელის კონფლიქტური სიტუაცია, ასევე უკრაინა - ანუ, მსოფლიო პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ტურიზმთან. აქედან გამომდინარე, მაღალ ბიუჯეტზე რომ ავიღოთ ვალდებულებები, ეს საკმაო რისკის შემცველია. მაღალ ბიუჯეტს არ განიხილავ და კადრი არ გყავს. ამიტომ შუალედურ და ზედა რგოლებში უფრო ვამატებთ ხელფასს და ვცდილობთ ვიპოვოთ კადრები, მაგრამ შედარებით ქვედა რგოლებზე ძალიან ჭირს“, - ამბობს ჰოტელიერი.

მურაჩაშვილის თქმით, კადრების დეფიციტის კუთხით გამოწვევაა დროებითი დასაქმებაც. კერძოდ, სტუდენტების ნაწილი 3 თვის განმავლობაში მუშაობს, სასტუმროები ახორციელებენ მათ გადამზადებას, სწავლის დაწყების შემდეგ კადრები უნივერსიტეტებს უბრუნდებიან, ობიექტებს კი პროცესის ხელახლა დაწყება უწევთ.

„კადრები ევროპაში მიდიან, იქ მუშაობენ, გაცილებით მეტი აქვთ ანაზღაურება, მშრომელი ადამიანური რესურსი ძალიან ცოტა დარჩა საქართველოში. კიდევ ერთი გამოწვევაა სეზონური სამუშაო - ზაფხულში სტუდენტები იმუშავებენ, ასწავლი, დაახლოებით სამ თვეში მოიყვან იმ კონდიციამდე რომ დამოუკიდებლად შეუძლია თავის ფუნქციების მიხედვა, ამ დროს სწავლა დაიწყება, უნდა წავიდეს და ისევ თავიდან უნდა მოვძებნოთ კადრი. მართლა ძალიან ჭირს კადრები და როგორც მე ვიცი, ყველა ჩემი კოლეგა ამ დღეშია“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მერი ტაბატაძე