„გუდაურის სასტუმროს 35%-ია დატვირთული - ეს მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ სასტუმრომ თავი შეინახოს“

ზაფხულის სეზონისთვის „გუდაური როშეს“ დატვირთულობა 35-40%-ია. როგორც ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, სასტუმროში „ბუქინგიდან“ წინასწარი ჯავშნები, სეზონურობიდან გამომდინარე, ძალიან ცოტაა.

მურაჩაშვილის თქმით, არის ჯგუფური ჯავშნები, რომელსაც ძირითადად ის ტურისტები ახორციელებენ, რომლებმაც ყაზბეგი და გუდაურთან ახლოს მდებარე ადგილები მოინახულეს და ღამის გასათევი სჭირდებათ.

„ამ პერიოდში გუდაური საკმაოდ დაბალ სეზონზე იმყოფება. აქედან გამომდინარე, წინასწარი ჯავშნები „ბუქინგიდან“ ძალიან ცოტაა. შემთხვევით ვინმეს უნდა შემოღამდეს, ახლა გუდაურში რომ დარჩეს. დანარჩენი წინასწარი ჯავშნები არის ჯგუფების, რომლებმაც ყაზბეგი მოიარეს და ღამისთევა უნდათ. ამ ტიპის ტურისტები გვყავს, მაგრამ ეს სრული დატვირთულობის მხოლოდ 35-40%-ია“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.

ჰოტელიერმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მცირე დატვირთულობიდან მიღებული შემოსავლები ზაფხულისთვის მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ სასტუმრომ არ იზარალოს, თავი და პერსონალი შეინახოს და კომუნალურების გადახდა შეძლოს.

მერი ტაბატაძე