„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალისა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდა-დასუფთავების საზაფხულო კამპანიას.
მოძრაობის ინფორმაციით, დასრულდა XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის გაწმენდა - დასუფთავების სამუშაოები. ამასთან, სრულად გაიწმინდა ტაძრის მარნის და ბიბლიოთეკის შენობა. ასევე, ისტორიული გალავანი, ძველი სასაფლაო და მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა - დასუფთავების სეზონურ კამპანიებს უკვე მეოთხე წელია ატარებენ და ის წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს.
„წელს ხანგძლივი წვიმების გამო სამუშაოები გვიან დავიწყეთ. გახშირებულო მცენარეული საფარის გამო სირთულეებიც მრავლად იყო, ამიტომ მეტწილად სამუშაო პროცესი ძეგლებზე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
ფიტარეთის მონასტერი მეოთხე ძეგლია აბულმუგის სპარსული აბანოს(XVIIს), სათხის მონასტრის(XIIIს) და ხულუტის ციხე-დარბაზის(XVIIIს) შემდგომ, რომელიც ჩვენი საზაფხულო კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა.
ივლისის დასაწყისში უკვე დაგეგმილია მუშევანის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სამუშაოები“, - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.
მათივე ცნობით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.
ინფორმაციის თანახმად, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ( საყდრისის კომიტეტი) ფიტარეთს 2016 წლიდან უწევს მონიტორინგს. აქტივისტების აქტიურობის შედეგად 2018 წელს მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც წელს ფრესკების კონსერვაციით სრულდება.