დასავლური სანქციების ახალმა ტალღამ, მათ შორის, „მეგობრული“ ქვეყნებიდან საბანკო გადახდების მასიურმა დაბლოკვამ შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკის „სიკვდილი“ გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ჩისტიუხინმა განაცხადა.
მისი თქმით, გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები „რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოგვარდეს“ და ეგზოტიკურით დაწყებული და მოძველებული მექანიზმებით დამთავრებული, ყველაფრის აპრობირება-გამოყენება არის საჭირო.
“რაც გუშინ ჩვენთვის არაპოპულარული ჩანდა, მაგალითად, სვოპები, გარკვეული კლირინგ-სისტემები თუ კრიპტოს გამოყენება, ყველაფერი უნდა გამოვცადოთ, რადგან თუ გარე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე ნორმალური გადახდები არ იქნა, ჩვენი, როგორც ექსპორტ-იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, ეს უბრალოდ დასასრული იქნება, ეს სიკვდილია,“ - აცხადებს ჩისტიუხინი.
ცნობისთვის: ზამთრის დასაწყისიდან რუსულ კომპანიებს გადახდების განხორციელებაში პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა გააფართოვა ხაზინის დეპარტამენტის უფლებამოსილება და ნება დართო, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დახმარების გამო მთელ მსოფლიოში ბანკები დოლარის ანგარიშსწორებიდნ ჩაეხსნა. მალე თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბანკებმა, რომლებიც რუსეთში პარალელური იმპორტის ძირითად ცენტრებს წარმოადგენენ, გადახდების დაბლოკვა დაიწყეს. შემდეგ ფინანსურ ბლოკადას ჩინეთის ბანკები შეუერთდნენ, ქვეყანა, რომელიც რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი და რუსეთის ბაზარზე იმპორტირებული საქონლის უმსხვილესი მიმწოდებელია.
პეკინის სახალხო უნივერსიტეტთან არსებული ჩონ-იანის ფინანსური კვლევის ინსტიტუტის მონამცემებით, გაზაფხულზე რუსეთსა და ჩინეთს შორის ანგარიშსწორების 80% შეჩერდა. ვითარების რადიკალურად გაუმჯობესებას ვერც პუტინის ჩინეთში ბოლო ვიზიტმა უშველა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. პირიქით, 24 ივნისიდან Bank of China-ს რუსულმა შვილობილმა, “ჩინეთის ბანკმა” იმ რუსულ ბანკებთან შეაჩერა ოპერაციები, რომლებიც აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (Office of Foreign Assets Control-OFAC) SDN List-ში, ანუ სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებისა და ბლოკირებული პირების სიაში იმყოფებიან.
ამასთან, მაისის ბოლოს რუსეთიდან ჩინეთში გადარიცხვების დაბლოკვა ყაზახურმა ბანკებმაც დაიწყეს,
12 ივნისს აშშ-ის ხაზინამ სანქციების სიას მოსკოვის ბირჟა და მისი ძირითადი საანგარიშსწორებო სტრუქტურები, ეროვნული კლირინგ-ცენტრი და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი დაამატა, რის შემდეგაც რუსეთში დოლარზე, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარზე ვაჭრობა შეწყდა. ეს სანქციები, ასევე, შეეხო Sberbank VEB-ის შვილობილ კომპანიებს ჩინეთსა და ინდოეთში, VTB-ის შვილობილ კომპანიებს ჩინეთში, ინდოეთსა და ჰონგ-კონგში, თავდაცვის სამინისტროს “პრომსვიაზბანკის” სამ, ჩინურ, ინდურ და ყირგიზულ შვილობილი კომპანიებს.
გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე იმპორტირებული საქონლის მიწოდება რუსეთში იანვარ-აპრილში 9%-ით, 84,6 მლრდ დოლარამდე შემცირდა. კლება ყველა რეგიონს შეეხო. კერძოდ, ევროპიდან და აშშ-იდან იმპორტი 19%-ით, აზიიდან 4%-ით, ხოლო აფრიკიდან - 5%-ით შემცირდა.
რუსული ბანკის, PSB-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ზღვარი არაა და ახალმა სანქციებმა შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკას იმპორტი კიდევ 15-20%-ით მოაკლოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ