„დინამო არენა მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება“ - „ფეხბურთის ეფექტი“ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში

„დარწმუნებული ვარ, „დინამო არენა“ მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება“ - ამის შესახებ "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით ის ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში „ფეხბურთის ეფექტის“ შესაძლო შედეგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მალე მსოფლიოდან მამარდას, კვარას, ქოჩორას სამშობლოს სანახავად უამრავი ტურისტი ეწვევა.

მისი თქმით, წლევანდელი არეულობების გამო ბევრი ჯავშანი გაუქმდა, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

„წლევანდელი აქციებისა და არეულობების გამო, ბევრი ჯავშანი გაუქმდა და ეს ტენდენცია გრძელდება ივლისსა და აგვისტოშიც, მაგრამ ამ წელსაც გადავიტანთ. მთავარია, რომ ევროპისთვის სამაგალითო ერი ვხდებით და მომავალ წელს ჩვენს სანახავად ბევრი ტურისტი ჩამოვა და ამ ყველაფერს ორმაგად ავინაზღაურებთ“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

მისი თქმით, წლევანდელი გამარჯვება ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

„ფეხბურთი სახალხო სპორტია და წლევანდელი გამარჯვება ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ძალიან ბევრ ქალაქში, სადაც ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია, ამ ქალაქის სახეებია სტადიონები და ისინი მუზეუმებად არის ქცეული. დარწმუნებული ვარ, „დინამო არენა“ მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება. სხვათაშორის, ძალიან ბევრი გერმანელი საქართველოს მაისურით იყო სტადიონზე და სწორედ ამ კატეგორიაზე მაქვს საუბარი, რომ აუცილებლად ჩამოვლენ მამარდას, კვარას, ქოჩორას სამშობლოში.

დარწმუნებული ვარ, „ფეხბურთის ეფექტი“ მალე ყველაზე დადებითად აისახება“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ეკა დარჩიაშვილი