რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ესპანეთსა და საქართველოს

2024 წლის იანვარ-მაისში ესპანეთთან სავაჭრო ბრუნვა 27%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ბრუნვა 131.487 მლნ დოლარის შეადგენდა, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი 95.698 მლნ დოლარი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ბრუნვაში უდიდესი წილი იმპორტს ეკავა, კერძოდ, ესპანეთიდან საქართველოში ამ პერიოდში 82.515 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. შესაბამისად, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ 13.183 მლნ დოლარი იყო.

მიმდინარე წელს ესპანეთიდან საქართველოში იმპორტზე შემოვიდა ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი პროდუქტები:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული - 8.605 მლნ დოლარი;
  • კოსტიუმები, კომპლექტები, კომბინეზონები ქალის - 6.160 მლნ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3.503 მლნ დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ნაწარმი - 2.733 მლნ დოლარი;
  • მცენარეები, კალმები - 2.189 მლნ დოლარი.

წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ესპანეთში ექსპორტზე გავიდა:

  • თხილი და სხვა კაკალი - 6.071 მლნ დოლარი;
  • სასუქები მინერალური, ქიმიური, აზოტოვანი - 3.282 მლნ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 1.849 მლნ დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 730 ათასი დოლარი;
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული - 355 ათასი დოლარი.

ესპანეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წელს 8.9%-ით, საქართველოდან ესპანეთში გადარიცხვები კი 10%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-მაისში ესპანეთიდან საქართველოში სულ განხორციელდა 26.338 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები, ხოლო საქართველოდან ესპანეთში 3.061 მლნ დოლარი. მაშინ, როცა გასული წლის პირველ 5 თვეში 24.188 მლნ დოლარი ჩაირიცხა ესპანეთიდან, საქართველოდან კი ესპანეთში 2.784 მლნ დოლარის გადარიცხვა განხორციელდა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ესპანეთიდან გასულ წელს სულ 33.841 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1.185 მლნ დოლარი იყო მარტო პირველ კვარტალში. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ესპანეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 3.564 მლნ დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ესპანეთიდან 3 077 ვიზიტი განხორციელდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1 403. მონაცემების თანახმად, წელს ესპანეთიდან ვიზიტების რაოდენობა 119.3%-ით არის გაზრდილი.

მერი ტაბატაძე