პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
საკითხი სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები აწესრიგებს სოციალური მუშაკის დამატებით სოციალურ გარანტიებთან და სოციალური მუშაობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტით, სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა იმ პირსაც, რომლის უნარები და კომპეტენცია მაქსიმალურად მიახლოებულია კვალიფიცირებული სოციალური მუშაკის შესაძლებლობასთან და გარდამავალ პერიოდში შეძლებს გარკვეული ფუნქციების შესრულებას შესაბამისი დაწესებულების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმავე გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირების გავლის ან სათანადო პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შედეგად, სრულფასოვნად და მაღალკვალიფიციურად გააგრძელებს სოციალური მუშაკის ფუნქციების განხორციელებას.
კანონით განსაზღვრული პროცესი უნდა დასრულდეს 2030 წლის 1-ელ იანვრამდე.