„უღელტეხილს რომ გადმოვა ადამიანი, ვერ გირეკავს“ - რა გამოწვევები აქვს ტურისტულ სექტორს ხევსურეთში

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ინფრასტრუქტურული და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები დღემდე გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული, ცხადია, აფერხებს ტურიზმის განვითარებას და პრობლემებს უქმნის იქ არსებულ ბიზნესებსაც. „ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა ხევსურეთის პრობლემებით და გამოწვევებთან დაკავშირებით სასტუმროებს, „არდოტსა“ და „სულფონს“ ესაუბრა.

„არდოტის“ დამფუძნებელი ლევან არდოტელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სოფელ არდოტში გამოწვევას წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მისი თქმით, გზები მოუწესრიგებელია და არდოტში მოხვედრა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.

ardoti-1719558916.jpg

„პირველ რიგში, გზა არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენამდე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით შეიძლება მოსვლა, რაც ხელს გვიშლის. ბევრს არ აქვს საშუალება, რომ ჯიპით წამოვიდეს,“ - აღნიშნავს „არდოტის“ დამფუძნებელი.

მისივე თქმით, გამოწვევას წარმოადგენს კომუნიკაციების არ არსებობაც. კერძოდ, ტერიტორიაზე არ იჭერს ტელეფონები, რაც ართულებს სასტუმროში მიმავალ დამსვენებლებთან კომუნიკაციას.

„მეორე პრობლემაა კომუნიკაციის არ ქონა. არდოტში მაგალითად, ინტერნეტი გვაქვს სახლში და სახლიდან შეგვიძლია მხოლოდ კონტაქტზე ვიყოთ. უღელტეხილს [დათვიჯვრის] აქეთ რომ გადმოვა ადამიანი, ვერ გირეკავს, რომ გაიგო სად არის. კონტაქტზე ვერ ვართ სტუმართან იმიტომ, რომ ტელეფონი არ იჭერს, ნომერზე რეკავენ და ვერ გამოდიან,“ - განაცხადა ლევან არდოტელმა.

ხევსურეთში გზის პრობლემაზე, შატილში მდებარე სასტუმრო „სულფონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ჭინჭარაულიც საუბრობს. მისი თქმით, სეზონის მიმდინარეობისას შატილში გზები უმეტესად გაწმენდილია, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ გზების უსაფრთხოების კუთხით ადგილზე პერიოდული მონიტორინგი განხორციელდება.

sha-1719559156.jpg

„გზასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის პრობლემები. შუა სეზონის დროს კარგი გზა არის, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ ხშირი მონიტორინგი ხორციელდებოდეს იმის თაობაზე, სადმე რამე ხომ არ არის ჩამოწოლილი იმიტომ, რომ მთის გზაა და ყოველთვის სჭირდება ყურადღება,“ - აღნიშნა ანა ჭინჭარაულმა.

როგორც „სულფონის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რელიეფიდან გამომდინარე, შატილისთვის გამოწვევას წარმოადგენს ხშირი წყალმოვარდნები, რაც აზიანებს ინფრასტრუქტურას და აფერხებს ტურისტული სეზონის მიმდინარეობას. მაგალითისთვის, გასულ წელს წყალმოვარდნამ შეაფერხა ტურისტული სეზონის დაწყება.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ბოლო წლებში რაღაცები გაკეთდა, თუნდაც დაცული ტერიტორიების ოფისი და ა.შ. გვაქვს ახალი ჰესიც, მაგრამ იმის გამო რომ დეტალები ვერ იყო შესაბამისად გათვალისწინებული, ეფექტურად ვერ მუშაობს. ასევე, შარშან იყო წყალმოვარდნა და ასეთი შემთხვევებიც ხშირია. ნაპირსამაგრი სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ გაძლებს და დიდი ხანი იქნება,“ - დასძინა მან.

ამასთან, ანა ჭინჭარაულის თქმით, კარგი იქნება, თუ მთის ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით, გატარდება გარკვეული ღონისძიებები, რაც გაზრდის მთის ტურიზმის მიმართ დაინტერესებასა და ცნობადობას.

ცნობისთვის, „ბიზნესპრესნიუსი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ელოდება პასუხს იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გატარდა ან/და იგეგმება ხევსურეთის ტურისტული განვითარებისთვის. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მერი ტაბატაძე