Amazon ჩინური Temu-სა და Shein-ის ანალოგს ჩაუშვებს

ჩინურ სერვისებთან, Temu-სა და Shein-ისთან კონკურენციისთვის ამერიკული Amazon ჩინეთიდან საქონლის მიწოდების საკუთარი სერვისის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას The Wall Street Jornal ავრცელებს.

Amazon-ს ეს სერვისი პირდაპირ ჩინეთის საწყობებიდან იაფი საქონლის მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული. კომპანიამ ასეთი გეგმა მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ელექტრონული კომერციის იაფი პლატფორმებისგან, Temu-სგან და Shein-ისგან დიდ კონკურენციას წააწყდა.

ჩინეთიდან არაბრენდირებული საქონლის თავის პლატფორმაზე გაყიდვის ახალი სერვისის დებიუტის გეგმა Amazon-მა ჩინელ სავაჭრო ობიექტებს დახურულ შეხვედრაზე უკვე წარუდგინა. კერძოდ, კომპანია აშშ-ის მომხმარებლებს პროდუქციას პირდაპირ ჩინეთიდან 9-დან 11 დღეში მიაწვდის, მაშინ, როცა აქამდე საქონელი, რომელსაც ჩინელები Amazon-ის ამერიკელ მომხმარებლებზე ჰყიდდნენ, როგორც წესი, აშშ-ის საწყობებში შედიოდა.

The Wall Street Jornal-ის შეფასებით, პროდუქტის სწრაფი მიწოდება და მარტივი დაბრუნება Amazon-ის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია, ხოლო Temu და Shein მყიდველებს დაბალი ფასებით იზიდავს. გამოცემა წერს,რომ ელექტრონული კომერციის ორი ახალი ჩინური პლატფორმა სწრაფად გაფართოვდა და Amazon-ს კონკურენციით დაემუქრა.

ცნობისთვის: 27 ივნისს Temu აშშ-ში Apple Store-ის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ უფასო აპლიკაციად დასახელდა, ხოლო Shein ამ რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ