2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო - TI

2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო. ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ხოლო, ამავე პერიოდში, ამ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 1.45 მილიონი ლარი შესწირეს.

გარდა ამისა, კვლევაში იმ ძირითად მიგნებებზეა საუბარი, რომელიც

2023 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად გამოკვეთა. კერძოდ:

პარტიების შემოსავლები და ხარჯები

  • შესწავლილმა 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14,856,671 ლარის ხარჯი გასწია. ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16,315,610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
  • პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 48% (12,742,941 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 52% (13,138,636) კი — კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი);
  • 15 პოლიტიკური პარტიიდან 6 პარტიამ მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოწირულება. პარტიებმა სულ 13,138,636 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს;
  • „ქართულმა ოცნებამ“ 11 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო (ჯამური შემოწირულებების 85%). არასაარჩევნო წლისთვის ეს რეკორდული რაოდენობის შემოწირულებაა
  • „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში ჯამური შემოსავლის სახით მიღებული 16.3 მილიონის ფონზე მხოლოდ 5.2 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.

რაც შეეხება დონორებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო პროგრამებში, ორგანიზაცია განმარტავს:

  • 2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო, საიდანაც 14 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ერთი პარტია — „ლელოსთან“;
  • საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ამავე პერიოდში ამ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 1.45 მილიონი ლარი შეწირეს;
  • 2023 წელს რთველის წინა პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა 1 მილიონ ლარამდე შეწირეს;
  • 2023 წელს შემომწირველებთან დაკავშირებულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს 2013-2023 წლებში 39 მილიონამდე ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტები აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2023 წლებში – 30 მილიონ ლარზე მეტი რთველის სუბსიდია.

ცნობისთვის, 2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება; აგრეთვე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი.

„ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას“,- აღნიშნავს ორგანიზაცია.

ნინი ქეთელაური