ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე რეფერენდუმი შემოდგომაზე გაიმართება

ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მედიასთან დღეს განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანას ბირთვული ენერგიის განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობები აქვს და „მნიშვნელოვანია მათი სწორად და ეფექტურად გამოყენება.”

“ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. ზუსტ თარიღს მთავრობა განსაზღვრავს,” - აცხადებს თოყაევი.

მისი თქმით, “ეკონომიკური განვითარება სტაბილური ენერგომომარაგების გარეშე შეუძლებელია” და ამიტომ შესაბამის სტრუქტურებს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შესწავლა დაავალა.

“ამჟამად ფართო დისკუსია მიმდინარეობს და სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. პროცესში მედიაც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს,“ - ამბობს თოყაევი.

ცნობისთვის: 2023 წლის დეკემბერში შპს “ყაზახეთის ატომური ელექტროსადგურების” გენერალურმა დირექტორმა, ტიმურ ჟანტიკინმა განაცხადა, რომ ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 10-15 მლრდ დოლარი დაჯდება. იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშენებლობაში მონაწილეობით განსაკუთრებით საფრანგეთი არის დაინტერესებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ