რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენების განრიგს აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
  • 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
  • 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
  • 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას, სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.

რაც შეეხება 1 გზის ღირებულებას, 195 ევროს შეადგენს.

"EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ნინი ქეთელაური