ვახტანგ ცინცაძე - პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები გრძელდება, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 9.2% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები გრძელდება. მისი თქმით, მაისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.2%, ხოლო ხუთი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს გაუტოლდა.

ცინცაძის თქმით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.

„ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, ასევე სამშენებლო, დამამუშავებელი მრეწველობის და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში აქტივობის ზრდამ. ეკონომიკურ ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილით გამოირჩეოდა: სამეცნიერო, პროფესიული და ტექნიკური, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ აქამდე არსებულ პროგნოზებს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,284 ერთეულს გაუტოლდა.

ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2023 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და მოცულობამ 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა - აღნიშნული მაჩვენებელი 17.3%-ით გაიზარდა და 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა რეალური ინვესტიციების მაჩვენებელიც - 22.6%-ით.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, აღნიშნულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს ქვეყანა წლის ბოლომდე შეინარჩუნებს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება, როგორც რეგიონში, ისე ევროპის და კანდიდატ ქვეყნებს შორის.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს ის მნიშვნელოვანი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.