“გაზპრომი” ევროკავშირის ბაზარზე დარჩენილ ბოლო შემოსავალსაც კარგავს

ევროკავშირში რუსული გაზის დარჩენილი მყიდველები გააფრთხილეს, რომ მათი გადახდები “გაზპრომისთვის” შესაძლოა, გაიყინოს. ამდენად, მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” ექსპორტის ორი-მესამედი დაკარგა და თავის ისტორიაში რეკორდული ზარალი მიიღო, კომპანიამ შესაძლოა, ევროპის გაზის ბაზარზე ბოლო შემოსავალიც დაკარგოს.

ინფორმაციას Reuters სიტუაციის მცოდნე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს თანამოსაუბრეების ცნობით, ევროპული კომპანიების მიერ რუსულ გაზში გადახდილი თანხის კონფისკაციას პოლონური ენერგეტიკული კონცერნია, Orlen ცდილობს. კონცერნმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ წერილობით მიმართა სამ კომპანიას, კერძოდ, ავსტრიულ OMV-ს, უნგრულ MVM CEEnergy-სა და სლოვაკურ SPP-ს, რომლებიც “გაზპრომისგან” გაზის მიღებას განაგრძობენ.

წერილში Orlen ვარშავის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითებს იმ ზარალის ანაზღაურების აუცილებლობის შესახებ, რომელიც პოლონურმა კომპანიამ 2022 წელს რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით განიცადა.

Orlen-ის შვილობილმა კომპანია Europol Gaz-მა, რომელიც იამალ-ევროპის მილსადენის პოლონურ მონაკვეთს მართავს, 2023 წლის მაისში “გაზპრომის” წინააღმდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო 6 მლრდ ზლოტის, ანუ 1,45 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ამდენად, Orlen ამჟამად “გაზპრომისთვის” გადახდილი თანხის დაპატიმრებას ცდილობს და, მაგალითად, უნგრული MVM CEEnergy-სგან 350 მლნ დოლარის მისთვის გადამისამართებას ითხოვს.

პოლონური Orlen-ის გარდა, გადახდების შეჩერება შესაძლოა, გერმანულმა კონცერნმა, Uniper-მაც მოითხოვოს, რომელიც გერმანიაში “გაზპრომის” ყოფილი უმსხვილესი კლიენტი და პროექტ Nord Stream 2-ის ერთ-ერთი ინვესტორია. კერძოდ, ივნისის დასაწყისში სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა “გაზპრომის” წინააღმდეგ Uniper-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რუსული კომპანია დაავალდებულა, გერმანიაში გაზის მიწოდების შეწყვეტით Uniper-ისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 13 მლრდ ევროზე მეტი (14 მლრდ დოლარი) გადაეხადა. საარბიტრაჟო განაჩენის თანახმად, “გაზპრომისგან” ამოღებული მთლიანი თანხა პირდაპირ გერმანიის მთავრობას გადაეცემა, რომელიც Uniper-ის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანია გაკოტრების პირას აღმოჩნდა.

ამასთან, მაისის ბოლოს ავსტრიაში გაზის ეროვნულმა ოპერატორმა, OMV-მა „გაზპრომისთვის“ გადახდების გადამისამართება არ გამორიცხა.

ცნობისთვის: გასულ წელს „გაზპრომმა“ ევროპის ბაზარზე მხოლოდ 28 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაქაჩა, რაც 1970-იანი წლების ბოლოდან მინიმალური მოცულობაა. მისმა მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 69 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1990-იანი წლების ბოლოდან პირველად „გაზპრომმა“ წელი სუფთა ზარალით დაასრულა, რომლის ოდენობამაც 629 მლრდ რუბლი (7,2 მლრდ დოლარი) შეადგინა. ეს კომპანიის მთელ ისტორიაში რეკორდული ოდენობაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ