აფხაზები მთის ბიზონის პოპულაციის აღდგენასა და ამ მიზნით რუსეთინდა მის შეყვანას გეგმავენ. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.
ანქვაბთან შეხვედრა ეკოლოგიის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავამ, ასევე, ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ რომან დბარმა გამართეს და რუსეთიდან აფხაზეთში მთის ბიზონის გადაყვანის ორგანიზაციული საკითხი განიხილეს.
ჭითანავას ცნობით, მისმა უწყებამ რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აფხაზეთში მთის ბიზონის გადაყვანის მოსამზადებლად საგზაო რუკა გაუგზავნა, ხოლო 25 ივნისს სამინისტროსგან შეტყობინება მიიღო, რომ ამ ღონიძიების გეგმა უკვე შეიმუშავა.
კერძოდ, აფხაზი სპეციალისტები კავკასიის ბიოსფერულ ნაკრძალს უნდა ეწვიონ, რომ მთის ბიზონის ბიოლოგიურ-ეკოლოგიურ თავისებურებებს გაეცნონ და ბუნებაში მათი შენახვის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. იგეგმება ექსპერტთა რუსულ-აფხაზური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც ფსხუ-გუმისთის ნაკრძალის ფარგლებში მთის ბიზონებისთვის შესაფერისი ადგილები უნდა დაადგინოს და მათი რაოდენობა განსაზღვროს.
ბიზონები აფხაზეთში ადრეც ბინადრობდნენ, თუმცა 1927 წელს განადგურდნენ. აფხაზეთში მათი რეინტროდუქციის იდეა დე ფაქტო პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რეზო ზანთარიას ეკუთვნის, რომელიც ამ თემაზე რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთი წელია, მოლაპარაკებებს მართავს.
მანამდე ზანთარია აფხაზეთში კავკასიური ირმის პოპულაციის აღდგენაზეც მუშაობდა, რომელიც ბრაკონიერების გამო, ასევე, განადგურდა. რამდენიმე წლის წინ ირმები აფხაზეთში როსტოვისა და კავკასიის ნაკრძალებიდან შეიყვანეს, როლებიც ახალ გარემოს შეეთვისნენ. ამჟამდ მათი მონიტორინგი და გამოკვება მიმდინარეობს, ხოლო ვეტერინარი პერიოდულ გამოკვლევას უტარებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ