ავსტრიის დედაქალაქი, ვენა მესამე წელია, როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში საცხოვრებლად და დასასვენებლად ყველაზე მოსახერხებელ ქალაქად იქნა აღიარებული. EIU-ს ცხოვრების კომფორტის გლობალური ინდექსის რეიტინგს პორტალი, Express აქვეყნებს.
საუკეთესო ქალაქების სიაში დანიის კოპენჰაგენი, ასევე, შვეიცარიის ციურიხი და ჟენევა მოხვდნენ.
ცხოვრების კომფორტის ინდექსი ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის ხუთ მნიშვნელოვან ასპექტს ითვალისწინებს, როგორიც სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა/გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურაა.
ავსტრიის დედაქალაქი მრავალი არქიტექტურული ძეგლითა და უნიკალური კულინარიული სცენით გამოირჩევა. ხელოვნების მოყვარულთათვის ვენაში 100-ზე მეტი სამხატვრო გალერეაა, რომლებსაც ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ზოგადად, ვენის მდიდარი ისტორია მეტად საგრძნობია, რადგან იქ ლეგენდარული მოღვაწეები, მათ შრის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრანც კაფკა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ცხოვრობდნენ.
Express-ის შეფასებით, ქალაქი მეტად ლამაზია ზამთარშიც, რადგან კაშკაშა განათებასა და სადღესასწაულო დეკორაციებში არის გახვეული.
კვლევის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო დონის ქალაქებს შორის აშშ-ის ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკიც დასახელდნენ. მართალია, სიაში ისინი შედარებით დაბალ პოზიციებს იკავებენ, თუმცა განათლების, ინფრასტრუქტურისა და კულტურის მაღალი საშუალო მაჩვენებლებით გამოირჩევიან.
EIU-ს ცხოვრების კომფორტის გლობალური ინდექსის ტოპ 10-ეულში კანადის ქალაქები, კალგარი და ვანკუვერიც შევიდნენ, რომლებმაც, შესაბამისად, მეხუთე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ