რატომ შრება ტბები

საქართველოში და თბილისის შემოგარენში არაერთი ტბა შრება! მათ შორის ნაწილი ბუნებრივია, ნაწილი კი ხელოვნურად შექმნილი წყალსატევი, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში მიკროკლიმატის ჩამოყალიბებასთან ერთად უნიკალური ფლორა და ფაუნა შექმნა, ბუნების ათასობით წარმომადგენელს აცოცხლებს, მათ შორის ჩვენც, ადამიანებს, რომლებიც მათგან სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ. ხელოვნური ტბებიდან, რომლებსაც მალე საუკუნეც შეუსრულდებათ, ბევრი მათგანი მელიორაციისათვის იყო შექმნილი და მიმდებარე ტერიტორიებზე უხვი მოსავლის მოყვანას უწყობდა ხელს. მართალია, საუკუნის დასასრულს ეს ფუნქცია დაკარგეს, თუმცა სხვა, ტურისტული ფუნქცია მოიპოვეს და ქვეყნისთვის კვლავ მატერიალურ ღირებულებად იქცნენ. დღეს კი ეს ტბები შრება, მათ შორის ლისის, კუმისის, მადათაფის, ბაზალეთის, თრიალეთის, იაყუ­ბლოს, ლიპის და ა.შ. თბილისის შემოგარენის თუ სხვა ტბები.

სპეციალისტთა შეფასებით, ტბების შრობა მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა და მხოლოდ ახლა, კლიმატის გამო არ დაწყებულა. არაერთი ტბის შრობის მიზეზად არა კლიმატი, არამედ ტბის რესურსის უხეში გამოყენებაც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში შრობის მიზეზებს სწავლობენ და თუ გადარჩენის შანსი არსებობს, შედარებით მცირე ტბები მაინც ხელოვნურად კვლავ ივსება. ჩვენს ქვეყანაში კი სრულყოფილი კვლევა და მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიება თითქმის არც ერთ ტბასა და წყალსაცავს არ ჩატარებია. ბოლო წლებში დამშრალი ტბების რიცხვს დაემატა ლიპის ტბა/წყალსაცავი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ტბა სოფელ ლიპთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე საერთოდ გაქრა. ტბის დამბების ნარჩენები სამიოდე კვირის წინ გადაანგრია უზარმაზარმა ნიაღვარმა. დღეს ტბის ადგილზე მხოლოდ ტალახიანი გუბეა. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ეს ადგილი ტურისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შვება იყო. თევზაობის სეზონზეც აქ უამრავი მეთევზე ამოდიოდა. ამ ეტაპზე ტბის უკან დაბრუნება შეუძლებელი ჩანს, რაზეც ადგილობრივები გვესაუბრებიან:

სოფო ქონიაძე: - ლიპის ტბის მიმდებარე ადგილებში რამდენიმე სოფელია. ამ ხალხმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე. როგორც ვიცი, დაახლოებით 70 წლის წინ ტბა აქაური ტერიტორიების მოსარწყავად დააგუბეს. რადგან აღმოსავლეთ საქართველოში საშინლად ცხელი ზაფხული იცის, ტბა ამ ფუნქციით საგანგებოდ შეიქმნა, თუმცა არა ხელოვნურად ჩადინებული წყლებისაგან, არამედ იმ პატარა მდინარისაგან, რომელიც აქ მთებიდან ჩამოდის. ამ მდინარის წყალობით ტბა არასოდეს დაშრებოდა, რომ არა უყურადღებობა - როდესაც ტბის შემაკავებელი დამბები დაიბზარა, დასკდა და არავის უფიქრია მათ შეკეთებაზე. პირველად აქ დამბა 2011 წლის წყალდიდობისას დანაპრალდა. მას შემდეგ, ტბაც დაკნინდა და გარემოს სილამაზეც, სამიოდე კვირის წინ კი ტბას საერთოდ მოეღო ბოლო, ადიდებულმა მდინარემ დამბის ის ნაწილიც გაანგრია, რაც დარჩენილი იყო, გუბეც აღარ დატოვა, მხოლოდ ტალახია დარჩენილი. ლიპის ტბაზე უამრავი ტურისტი დადიოდა, რაც უკვე აღარ არსებობს, დამთავრდა...

სწორედ ასევე წუხს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში, ადიგენში, თრიალას ტბის შრობის გამო: იმ ტერიტორიაზე სამი უძველესი და ულამაზესი ტბიდან ერთ-ერთი წლებია ნელ-ნელა შრება, წყალმცენარეებით ივსება და ჭაობდება. მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს ტბის გაწმენდას, თუმცა ამაოდ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ძვირადღირებული ღონისძიებაა.

მარიამ კაპანაძე, ადიგენი: - ვინც ადიგენში არ ყოფილა და თრიალას ეს ტბა არ უნახავს, ალბათ, ვერც გაიგებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. აქ თაობები იზრდებიან, ზოგს დასასვენებელი ადგილიც არა აქვს და სწორედ ამ ტბას აფარებს თავს. ზაფხულში დღეც არ გავა, რომ ტბაზე ხალხი არ ადიოდეს ბავშვებით, მათ შორის მეც. ამიტომაც მიჭირს იმ განცდის გადმოცემა, რასთან არის დაკავშირებული ტბის კვდომა. ხალხი გამუდმებით ითხოვს ხელისუფლებისაგან რაიმე უშველონ, წყალმცენარეებისაგან გაწმინდონ, მაგრამ არა და არა. ამბობენ, საამისო ფული არა გვაქვსო.

უპირველესად შრობის მიზეზია შესასწავლი. ტბა ჭაობდება, ესე იგი, მის ირგვლივ რომელიღაც მკვებავი წყაროა გადაკეტილი. იქნებ მხოლოდ მეწყრით არის გადაკეტილი და გაწმენდაც საკმარისა, რომ ტბა აღარ დაჭაობდეს?! ეს რა პასუხია? თუ სახელმწიფო ხალხს არ მოახმარს იმ ფულს, რომლითაც ხალხს უნდა დაეხმაროს, აბა, ამ ფულს სხვა რა ფუნქცია აქვს?!

განაგრძეთ კითხვა