„გასამრჯელო თბილისთან შედარებით ბევრად უკეთესია“ - რომელი სეზონური სამუშაოების ვაკანსიების ნაკლებობაა კურორტებზე?

ზაფხულის დადგომასთან ერთად კურორტებზე სეზონური სამუშაოების ვაკანსიები ჩნდება, მათ შორის მზარეულის, მცხობელის, დამლაგებლის, კონსულტანტის და ა.შ. ეს ითქმის არა მხოლოდ საზღვაო კურორტებზე, არამედ სამთოზეც. ამიტომ ბევრი გადაინაცვლებს ხოლმე საზღვაო კურორტებზე სამუშაოდ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სეზონურია და არცთუ მარტივი. სეზონის სამუშაოების გასამრჯელო ქვეყნის სოციალ-პოლიტიკურ მდგომარეობას ეხმაურება და ფასების ზრდასთან ერთად იზრდება. მაგალითად, თუ ხუთი წლის წინანდელი საკურორტო რესტორნების მზარეულის ხელფასი შარშან 2500 ლარამდე იყო, წელს 3500-მდე გაიზარდა. კონსულტანტის ხელფასი 700-დან 1000 ლარამდე გახდა. როგორია სხვა საკურორტო ვაკანსიების ანაზღაურება, ამის შესახებ ბათუმის ერთ-ერთი სარესტორნო ქსელის მენეჯერს ივა სოლოშვილს ვესაუბრეთ:

- საკურორტო ვაკანსიების პრაქტიკა თავისებური და საინტერესოა. ერთი მხრივ, საქმის ისეთ ცოდნას მოითხოვს, რომ სეზონზე მაქსიმალური ანაზღაურება მიიღო, მეორე მხრივ კი, ფიზიკური დატვირთვა აიტანო - განუწყვეტელი მუშაობა ძალიან დამღლელია.

- საკურორტო სამუშაოების კიდევ ერთი მიმართულება გამოგვრჩა: კურორტით სიამოვნების მიღებაც შეიძლება თუნდაც ხანმოკლე შესვენების დროს. უამრავი სეზონურად დასაქმებული ვიცი, ვისაც მუშაობის პარალელურად ოჯახიც ჩამოჰყავს. თუმცა, რა თქმა უნდა, დატვირთვაც და რისკიც დიდია: როდესაც ორ თვეში უნდა იშოვო თანხა, რომელიც აუცილებელ ხარჯებს მაინც მოგიგვარებს, ეს ადვილი არ არის. კურორტებზე დიდი მუშაობა უწევთ მზარეულებსა და ცომეულის სპეციალისტებს, მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობენ ე.წ. პროცენტებზე. მაგალითად, თუ რესტორანმა დღეში 2000 ლარი გამოიმუშავა და მზარეული 5%-ზეა შეთანხმებული, ის დღეში 100 ლარს აიღებს. შესაძლოა მეტზეც შეთანხმებაც, არიან მზარეულები, რომლებიც თვეში 5000 ლარს გამოიმუშავებენ. მსგავსი შეთანხმებით მუშაობენ ცომეულის სპეციალისტები, რომლებიც, ძირითადად, "აჭარულს" აცხობენ და გასამრჯელოდ დაახლოებით 3000 ლარამდე ადიან. ეს ხალხი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის აჭარაში. სხვათა შორის, პირადად ჩემთან "აჭარულის" ფანტასტიკური მცხობელები ქუთაისიდან ჩამოდიან.

- ასეთი ვაკანსია თუ არის საკმარისად.

- როგორც ქობულეთელმა შემიძლია ქობულეთის მაგალითზე გითხრათ - პრაქტიკულად ყველა ქობულეთურ სახლთან ხაჭაპურის საცხობია გახსნილი. ასე რომ, ვაკანსიები ჯერ კიდევ არის. ნუ გგონიათ, ეს მარტივი შრომაა, პირიქით, მთელი დღე ფეხზე უნდა იდგე და თუ ვინმეს ხაჭაპური არ მოეწონა, შენკენ არასოდეს მოიხედავს. ამასთან, ხშირად გვჭირდება სეზონური კონსულტანტებიც, რომელთა გასამრჯელო თბილისთან შედარებით ბევრად უკეთესია, - თვეში 1000 ლარს ვუხდით.

- საოცარია სეზონური კონსულტანტები რატომ გჭირდებათ, როცა სტაბილური კადრები ადგილზეც შეიძლება იშოვოთ.

- სამწუხაროდ, აჭარაშიც, ისევე, როგორც სხვაგან საქართველოში, ახალგაზრდობა უცხოეთში მიდის სამუშაოდ და კადრი ნაკლებია. სეზონზე კი ახალგაზრდობის­ შემოდინება გვაქვს და ცვლებში მუშაობენ, თანაც თავისუფალ დროს ზღვაზე გადიან. ვერ გეტყვით, რომ კონსულტანტე­ბისთვის ხელფასი 1000 ლარი ბევრია, თუმცა თბილისის კონსულტანტთა ხელფასს,­ აღემატება.

გამაგრძეთ კითხვა