საერთაშორისო მედია ბოლო დროს სულ უფრო ხშირად წერს აკიაზე (akiya) - იაპონიაში არსებული ცარიელი სახლების შესახებ, რომელთა შეძენა სასაცილოდ, დაბალ ფასად ან თუნდაც უფასოდ შეიძლება.
სიტყვა Akiya ითარგმნება როგორც “ცარიელი სახლი“, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს ან არ ჰყავდეს მიკვლევადი მემკვიდრე. ამ სახლების ტიპი და მდგომარეობა სხვადასხვანაირია. ისინი შეიძლება იყოს საოცრად იაფი ან მსურველს უფასოდ გადაეცეს, მაგრამ მათი შეკეთება და შენარჩუნება სახსრებს მოითხოვს. აკია სულ უფრო გავრცელებულ ფენომენად იქცა იაპონიაში, განსაკუთრებით – სიკოკუსა და კიუშუზე, სადაც პრეფექტურა ხედავს, რომ საცხოვრებელი ფართის თითქმის 20% ცარიელია.
akiya საინტერესოა მათთვის, ვინც ცდილობს, თავი დააღწიოს კორპორაციულ ურბანულ იაპონიას. მიმზიდველია იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც ხედავენ, რომ სამშობლოში უძრავი ქონების ფასები საოცრად მაღალია. ამ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ იაპონიაში აკია სახლების იმედი – სახლებისა, რომლებიც ძალიან იაფად იყიდება და ზოგჯერ უსასყიდლოდაც კი გაიცემა.
უძრავი ქონების სააგენტოები უცხოელ კლიენტებს ასეთი სახლების შეძენაში დახმარებას აქტიურად სთავაზობენ. თუმცა, საყურადღებოა ის ტენდენცია, რომ თავად იაპონელები არ ჩქარობენ ძველი სახლების შეძენას.
რამ განაპირობა ეს?
იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრომ 30 აპრილს გამოაქვეყნა საბინაო და მიწის სტატისტიკური კვლევის წინასწარი შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ იაპონიაში 9 მილიონი ცარიელი სახლია. ეს არის 510 000-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.
ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანას 1993 წლის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც 4,48 მილიონი ცარიელი სახლი იყო. კვლევებმა ცხადყო, რომ 30 წლის განმავლობაში ცარიელი სახლების რაოდენობა გაორმაგდა.
არსებული ობიექტებიდან 4,4 მილიონზე მეტი სახლი ქირავდება, თუმცა ცენტრალური დასახლებებიდან შორ მანძილზე მდებარეობის გამო, წლობით ცარიელია. 9 მილიონი ცარიელი სახლიდან მხოლოდ 330 000 იყიდება, ხოლო დანარჩენი უძრავი ქონების სტატუსი ამჟამად უცნობია.
ამასთან, ნომურას კვლევითი ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ 2033 წლისთვის იაპონიაში სახლების 30%-ზე მეტი ცარიელი იქნება.
არსებული მდგომარეობის გადასაჭრელად, მთავრობა კერძო ბიზნესის მხარდაჭერით ცდილობს მსგავსი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციას და ე.წ “აკია ბანკების“ შექმნას. ხელმისაწვდომი სახლების შესახებ ყველა ძირითადი ინფორმაცია ინახება HOME'S-ის, akiyainaka-სა და At Home-ის ვებსაიტებზე. კომპანიები ლიცენზირებულია მთავრობის მიერ.
რატომ არის ასეთი სახლების ფლობის მსურველთა რაოდენობა დაბალი?
პარადოქსულია, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც იაპონიის დიდ ქალაქებში უძრავი ქონების ღირებულება იმატებს, ქვეყნის მცხოვრებლები უარს ამბობენ საკუთრების მემკვიდრეობის უფლებაზე ან არ იყენებენ მიწას.
ახალგაზრდა იაპონელების დიდ ქალაქებში აქტიური მიგრაციის გამო, პერიფერიაში არსებული უძრავი ქონება ხშირად დავიწყებული ხდება. თუმცა, მათ არ სურთ მშობლების ძველი სახლების გაყიდვა.
ასევე, იაპონელებს არ სურთ გადაადგილება პოტენციურ “მოჩვენებათა ქალაქებში“, რომლებშიც მოსახლეობის გადინების გამო შესაძლოა, შეჩერდეს ინვესტიციები, რაც განვითარებასაც შეაჩერებს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ ასეთ საცხოვრებელზე, არის საგადასახადო და საერთო ფინანსური ტვირთი, რომელიც თან ახლავს უძრავ ქონებას.
ძველი შენობების უმეტესობა აშენდა 1981 წლამდე, თუმცა ახალ მფლობელს აქვს ვალდებულება, რომ ქონება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანოს. ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით კი, სახლების შეკეთება, აღდგენა, კედლების დანგრევა ან სახურავის დადგმა ნებართვების მოპოვების შემდეგ ხდება. ნებისმიერი ძირითადი სამუშაო მოითხოვს პროფესიონალი კომპანიის მონაწილეობას, რომელიც საკმაოდ ძვირია.
პირველად აკიას მიმართ მასობრივი ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც ბინებში ჩაკეტილი ადამიანები პერიფერიებსი გადასახლდნენ.
კანადელი ერიკ მაკასკილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მიტოვებული სახლი ნაგანოს პრეფექტურაში 24 000 დოლარად იყიდა და მაშინვე დაიწყო ბლოგი ტრადიციული იაპონური საცხოვრებლის აღდგენის სირთულეების შესახებ.
იუთუბერმა შვედეთიდან, ანტონ ვორმანმა იგივე გზა აირჩია. მან იაპონიაში მიტოვებული სახლები შეიძნა, გაარემონტა და ახალი სიცოცხლე შთაბერა.
ანტონმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით - “უფასო სახლები იაპონიაში: ნამდვილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვიშოვო ფული მიტოვებული სახლების რემონტით“.
წყარო: forbes.com