გაერთიანებული საამიროები ბაზარს ქართული პროდუქტებისთვის ხსნის - დეტალები

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ EastFruit წერს. შეთანხმება საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც ახალი თაობის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ ინტეგრაციას ამ ორ ქვეყანას შორის.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, გაერთიანებული საამიროები დაუყოვნებლივ გახსნის საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტების ბაზარს, როგორიცაა საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვი, გამაგრილებელი სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის პროდუქტები და ა.შ.

გაერთიანებული საამიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით გაიზარდა, მათ შორის ექსპორტის მატება 73%-ს შეადგენს. ამასთან, 29%-ით გაიზარდა საამიროებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაც.

ეკა დარჩიაშვილი