კურიერი სხეულის შიგნით - როგორ შეცვლის მედიცინას ჭკვიანი ნანოკაფსულა მედიკამენტები

ჭკვიანი აბები, რომლებიც წამალს უშუალოდ დაავადებულ ორგანოს აწვდიან უკვე სამეცნიერო ფანტასტიკა აღარ არის. მართალია, ეს ტექნოლოგია ლაბორატორიების კედლებს ჯერ არ გასცდენია, თუმცა Forbes-ი ყურადღებას უკვე უთმობს და დიდ გარდატეხას პროგნოზირებს.

რა ვიცით მეცნიერთა ახალ ნაბიჯზე “ზუსტი მედიცინის“ შექმნისკენ, რომელიც მრავალ დაავადებაზე გამარჯვებას გვპირდება?

სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Molecular Biosciences -ში აღწერილია “წამლის პაკეტი“, ერთგვარი ნანოკაფსულების შექმნის ტექნოლოგია, რომელზეც მხოლოდ ულტრაბგერით აპარატს შეუძლია იმოქმედოს.

ნებისმიერ პრეპარატს აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტების გრძელი სია. ამ ეფექტების ლომის წილი დაკავშირებულია არასწორ ორგანოზე ზემოქმედებასთან.

მრავალი სამეცნიერო ჯგუფი მთელს მსოფლიოში მუშაობს ისეთ წამლებზე, რომლებიც მიზანმიმართულად იმოქმედებენ მხოლოდ “მტკივნეულ ადგილზე“. ეს არ არის ადვილი საქმე, რადგან ყველამ ვიცით, რომ გადაყლაპვისას ან შეყვანისას, პრეპარატი ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულზე.

როგორ გავაკეთოთ, რომ წამალმა იმუშაოს მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა?

ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი არის პრეპარატის ისეთი შეფუთვის შექმნა, რომელიც ნადგურდება მხოლოდ “სიგნალის“ საპასუხოდ. ასეთი “სიგნალი“ შეიძლება იყოს, მაგალითად, ულტრაბგერითი სხივები. გარდა ამისა, ექოსკოპია დიდი ხანია გამოიყენება მედიცინაში და სათანადო გამოყენებისას უსაფრთხოდ ითვლება.

სტატიის ავტორებმა მიკრომეტრის მეათედი დიამეტრის კაფსულები შექმნეს. კონტეინერის კედელი შედგება ბიოთავსებადი PEG:PDLLA პოლიმერისგან. კაფსულა ივსება წამლით, რომელიც შერეულია თხევადი პერფტორკარბონებით (PFCs) - ნახშირბადის და ფტორის ნაერთებით. ულტრაბგერა PFC-ებს გაზად აქცევს. გაზის წნევა აფართოებს კაფსულას შიგნიდან და კედელში ჩნდება ფორები.

ეს იდეა ახალი არ არის, მაგრამ სხვა კვლევითმა ჯგუფებმა გამოიყენეს PFC-ები დაბალი დუღილის წერტილებით. პრობლემა ის არის, რომ ასეთი მყიფე ბალანსი შეიძლება სხვა ფაქტორებმა დაარღვიოს. ამიტომ ახალი ნამუშევრის ავტორებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ PFC-ები დუღილის წერტილით 142°C.

კაფსულები ჩაეფლო ორგანულ თხევად ჰექსანში. ექსპერიმენტატორებმა დატვირთეს ნანოკონტეინერები სამი წამლით: საანესთეზიო პროპოფოლით, კეტამინით და იმუნოსუპრესანტი მიკოფენოლატი მოტეფილით. სამივე პრეპარატი ულტრაბგერის გავლენით, მიმდებარე სითხეში 300 კილოჰერცის სიხშირით გამოიყოფა, ხოლო ულტრაბგერის გარეშე არ გამოიყოფა.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპერიმენტი ჩატარდა "ინ ვიტროდ" და არა ცოცხალ ორგანიზმში. სისხლში, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა ცილებითა და უჯრედებით, გაცილებით რთული გარემოა, ვიდრე ჰექსანი. ნოუ-ჰაუს ეფექტურობა ცხოველებზე ჯერ კიდევ არ არის შემოწმებული.

ჯერჯერობით ავტორებმა ნაწილობრივ დაადასტურეს მათი მეთოდის უსაფრთხოება. ისინი მაიმუნებს ყოველკვირეულად აძლევდნენ ნანოკაფსულებს ექვსი კვირის განმავლობაში. ექსპერიმენტატორებს სურდათ დარწმუნდნენ, რომ კაფსულები ორგანიზმში არ დეგრადირდებოდა.

პროპოფოლი არის ძლიერი სედატიური საშუალება, რომელიც მკვეთრად ცვლის პრიმატების ქცევას. თუმცა მაიმუნი ჩვეულებრივად იქცეოდა. არცერთი სისხლის ბიოქიმიური პარამეტრი არ ავლენდა ორგანიზმში უცხო ნივთიერებების შემოსვლას.

ცდებმა და შედეგებმა ცხადყო, რომ ნანოკაფსულები, რომელიც დაავადებულ ორგანომდე მიაღწევს და მხოლოდ ულტრაბგერითი სხვიდების ზემოქმედების შემდეგ გაიხსნება, საკმაოდ ეფექტურია და სავარაუდოდ სამედიცინო პრაქტიკაშიც დაინერგება.

თუ ვიმსჯელებთ იმ სიმტკიცეზე, რომლითაც მეცნიერები მუშაობენ, ის აუცილებლად გახდება 21-ე საუკუნის მედიცინის ნაწილი.

წყარო: forbes

თეონა რამაზაშვილი