„გვეგონა, რომ უკეთესი სეზონი გვექნებოდა“ - როგორია ტურისტული სეზონი ხევსურეთში

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აჭარის, რაჭის, ბახმაროსა და მესტიის შემდეგ, ხევსურეთის ისტორიული ნაწილს მივადექით. მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ხევსურეთი თავისი ღირსშესანიშნაობებითა და ძეგლებით, მათ შორის, კოშკებით, როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელი ტურისტების დაინტერესების საგანი არაერთხელ გამხადა.

მთის მძიმე კლიმატური პირობების გამო, ხევსურეთის უმეტეს ნაწილში ტურისტული სეზონი სულ რამდენიმე თვით, ძირითადად, ზაფხულში მიმდინარეობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მოთხოვნა და რამდენად ირჩევენ დამსვენებლები წელს ხევსურეთს ტურისტულ მიმართულებად.

სოფელი კორშა ხევსურეთში ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. სოფელი ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი აქ მდებარე Korsha Guesthouse-სთვის მცირე რაოდენობის ჯავშნებით დაიწყო. სასტუმროს დამფუძნებელი მარინე გიგაური „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მაისში მიმდინარე აქციების გამო, ჯავშნები გაუუქმდათ. „კორშას“ აქვს მოლოდინი, რომ ჯავშნების კუთხით მდგომარეობა მომავალ პერიოდში გამოსწორდება.

„გაგვიუქმდა ჯავშნები თავიდან აქციების გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა გამოსწორდება. ველოდებოდი მეტს, მაგრამ არ ვიცი რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ყველა სასტუმრო ასეა აქ. ტურისტები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივები, მაგრამ უფრო ევროპელები არიან. მოდიან ადგილობრივები სკოლებიდან ექსკურსიებზე. ორი-სამი თვე გვაქვს სეზონი და არ არის იმდენი შემოსავალი, რომ ცოტა უფრო კომფორტული გავხადოთ სასტუმრო, ყველას აქვს ეს პრობლემა აქ“, - განაცხადა მარინე გიგაურმა.

ზღვის დონიდან 1400 კმ-ზე მდებარე შატილი ასევე გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. შატილში სეზონი ნელ-ნელა შედის აქტიურ ფაზაში და დატვირთულობაც შესაბამისია. „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „სულფონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანნა ჭინჭარაული აცხადებს, რომ შუა კვირაში ჯავშნების რაოდენობა მცირეა.

„შატილი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გააქტიურების ფაზაშია და დატვირთვაც შესაბამისია - არც თუ მაღალია ამ დროისთვის. შუა კვირაში მომართვიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა წლებში იყო. არის ჯავშნები, მაგრამ არ არის ძალიან აქტიური. გასულ წელთან შედარება ძალიან რთულია შედარება იმიტომ, რომ შარშან ამ დროს სტიქიას ვებრძოდით, წყალი მოვარდა და შატილი და მუცოსკენ მიმავალი გზის დიდი ნაწილი დააზიანა. შესაბამისად, შარშან ძალიან ვიზარალეთ და სეზონიც გვიან დაიწყო“, - აღნიშნა ანნა ჭინჭარაულმა.

რაც შეეხება დამსვენებლებს, ჭინჭარაულის თქმით, „სულფონს“ სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ტურისტები. მანვე აღნიშნა, რომ უცხოელი ტურისტთა შორის აქტიურობენ დამსვენებლები ცენტრალური ევროპიდან.

კიდევ ერთი ტურისტული ადგილია ხევსურეთში სოფელი არდოტი, რომელიც შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. არდოტი გამორჩეულია თავისი ისტორიული კოშკებით. არტოში ადგილობრივებს სეზონისთვის უკეთესის მოლოდინი ჰქონდათ. ჩვენთან საუბრისას Guest House Ardoti-ის დამფუძნებელი ლევან არდოტელი აღნიშნავს, რომ ძირითადად სასტუმროში დატვირთულობა შაბათ-კვირას არის, სამუშაო დღეებში კი ჯავშნების რაოდენობა მცირეა.

„ჯავშნები, წინა წელთან შედარებით, მცირედით არის გაზრდილი. წელს ივნისის დასაწყისში უფრო კარგი მოლოდინები გვქონდა. გვეგონა, რომ უკეთესი სეზონი გვექნებოდა, მაგრამ უამინდობა გვიშლის ხელს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პირობები. წინა წელთან შედარებით, მცირე დატვირთვა გვაქვს. ძირითადად შაბათ-კვირას არის უფრო შევსებული, კვირის დღეებში ნაკლებად“, - განაცხადა ლევან არდოტელმა.

სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, „არდოტს“ ძირითადად ამ ეტაპზე უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ. კერძოდ, ვიზიტორების 70% უცხოელია, ტურისტები ძირითადად არიან გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და ა.შ.

მერი ტაბატაძე