სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტის ნახევარზე მეტი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის - კვლევა

Galt&Taggart-ის სამშენებლო და სარემონტო სექტორის შესახებ კვლევის მიხედვით, „სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტის ნახევარზე მეტი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის“.

ჯამში 2023 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტმა 2.6 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიან იმპორტში თურქეთის წილი 34.4% იყო, ხოლო ჩინეთის 17.9%.

„საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რასაც ხელს უწყობს შედარებით იაფი ტრანსპორტირება და ბოლო წლებში სუსტი თურქული ლირა. მეორე ყველაზე დიდი პარტნიორი ჩინეთია, საიდანაც ძირითადად ტექნიკა, ავეჯი და ფოლადის პროდუქცია შემოდის”, - აღნიშნულია Galt&Taggart-ის კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში სამშენებლო და სარემონტო მასალების, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის 9.5%-ის იმპორტი რუსეთიდან, 5.6% ირანიდან, 5.4% აზერბაიჯანიდან, 27.2% კი სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.

მერი ტაბატაძე