Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოება მეტწილად ადგილობრივად ხორციელდებოდა.
უფრო კონკრეტულად, კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს სამშენებლო სექტორში ასფალტბეტონისა და ბეტონის წარმოებაში სრულად ადგილობრივად ხდებოდა.
„ბეტონის წარმოება 2023 წელს 13.0%-ით გაიზარდა რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით აიხსნება“, - ვკითხულობთ კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივ წარმოებაში ცემენტის წილი 93% იყო. კვლევის თანახმად, „ცემენტის მოხმარება ძირითადად ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა 2023 წელს, ხოლო მცირე მოცულობის ცემენტის იმპორტი თურქეთიდან (იმპორტის 77.4%) და აზერბაიჯანიდან (22.1%) განხორციელდა“.
ამასთანავე, ამავე პერიოდში არმატურის და ფოლადის სხვა პროდუქციის ნაწილის წარმოება ადგილობრივად ხდებოდა, ნაწილი კი იმპორტზე შემოდიოდა. კერძოდ, არმატურის წილი ადგილობრივ წარმოებაში 55% იყო. კვლევის მიხედვით, „ჯეოსთილი“ და „რუსთავის ფოლადი“ არმატურის დაახლოებით 90%-ს ადგილობრივად აწარმოებს.
„საქართველოში არმატურა ძირითადად ჯართის გადამუშავების შედეგად იწარმოება. შესაბამისად, არმატურის ფასები ჯართის ფასის დინამიკაზეა დამოკიდებული. ფასზე მოქმედი ფაქტორებიდან ასევე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ფასებიც, რომელიც პირდაპირი მომხმარებლებისთვის 2021 წელს გაძვირდა და ამან ხარჯებზეც იქონია გავლენა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს წარმოების 14.5%-იანი კლების გამო, 33%-ით გაიზარდა არმატურის იმპორტი.