პენტჰაუსიდან ციხემდე: მილიონერების ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესები

Future Electronics-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, 80 წლის კანადელი მილიარდერი რობერტ მილერი მონრეალში, საკუთარ სახლში 2024 წლის მაისში დააკავეს. მილერს, რომელიც 2,6 მილიარდ დოლარს ფლობს, ბრალად ედება სხვადასხვა დანაშაული, განსაკუთრებით კი სექსუალური ხასიათის, მათ შორის, კომპენსაციის სანაცვლოდ სექსუალური სერვისების მიღება.

მისი ადვოკატების თქმით, მილერი პარკინსონის დაავადებით არის დაავადებული და აქვს გულის პრობლემები. პოლიციამ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ ბიზნესმენი ავადმყოფობის გამო სასამართლოში ვერ გამოცხადდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი პატიმრობიდან იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ის 3 ივლისს სასამართლოზე გამოცხადდება.

თუმცა, CBC/Radio-Canada- თან მილერმა ბრალდებები უარყო და პირობა დადო, რომ “დაიცავს თავის რეპუტაციას, უარყოფს ყველა ცრუ ბრალდებას“.

ეს პირველი ხმაურიანი შემთხვევა არ არის. სხვადასხვა ბრალდებებით, მილიარდერები ადრეც იყვნენ დაპატიმრებული.

ნაფიც მსაჯულებმა, 2016 წლის არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის მიზნით ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34 მუხლით, ასევე დამნაშავედ ცნეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მილიარდერი ახლა განაჩენს ელოდება. მას ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ჯარიმით, თუმცა შესაძლოა, პროცესი შინაპატიმრობა ან პირობითი პატიმრობით დასრულდეს.

Forbes სხვა ხმაურიან პროცესებსაც იხსენებს.

ხოაკინ გუზმან ლოერა (ელ ჩაპო)

სასჯელი: უვადო თავისუფლების აღკვეთა

გუზმან ლოერა, ასევე ცნობილი როგორც “ელ ჩაპო“, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკორეალიზატორია. 2019 წელს ის დამნაშავედ ცნეს შეერთებულ შტატებში ფულის გათეთრებასა და ნარკოტრაფიკში.

მსჯავრდებული იყო მექსიკური Sinaloa-ს კარტელის ხელმძღვანელი და 1980-იანი წლების დასაწყისიდან მის დაპატიმრებამდე მოახერხა ამერიკაში ასობით ტონა კოკაინის რეალიზაცია.

ის ახლა სამუდამო პატიმრობას იხდის.

ალენ სტენფორდი

სასჯელი: 110 წელი

74 წლის სტენფორდი არის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სქემის შემქმნელი. მას 2012 წელს 110 წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

სტენფორდს ბრალად ედება თაღლითური სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა. შედეგად მან თითქმის 6 მილიარდი დოლარი მიითვისა. დღეს სტენფორდი იხდის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ სასჯელს.

ელიზაბეტ ჰოლმსი

სასჯელი: 11 წელი

დღეს ჰოლმსი ცნობილია, როგორც თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მაგალითი “სილიკონის ველის“ ისტორიაში.

2014 წელს, 30 წლის ასაკში, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომლის ქონებაც 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჰოლმსი ამტკიცებდა, რომ მან შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც პაციენტის სისხლის ერთი წვეთიდან შეიძლებოდა ასობით დაავადების გამოვლენა. 2022 წელს იგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში და დაავალეს ინვესტორებისთვის 452 მილიონი დოლარის ანაზღაურება.

რაჯ რაჯარატნამი

სასჯელი: 11 წელი

1990-იან წლებში რაჯარატნამმა დააარსა ნიუ-იორკის ჰეჯ-ფონდი Galleon Group, ხოლო 2009 წელს ინსაიდერული ვაჭრობისთვის დააპატიმრეს. შედეგად კომპანია განადგურდა.

იმ დროს ფირმა 7 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას მართავდა. რაჯარატნამი დამნაშავედ ცნეს თაღლითობისა და შეთქმულების 14 მუხლით და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაჯარატნამი ორი წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და 2021 წელს გაათავისუფლეს.

ლი ჯე-იანგი

სასჯელი: ხუთი წელი

Samsung Electronics-ის კონგლომერატის აღმასრულებელ პრეზიდენტს სამხრეთ კორეის მაშინდელი პრეზიდენტის პარკ გეუნ ჰეის მოსყიდვისთვის თავდაპირველად ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ლის ბრალად დასდეს Samsung C&T-სა და Cheil Industries-ის შერწყმისთვის მოლაპარაკებების თაღლითური გზით წარმოებაში.

2017 წელს მეწარმემ 11-თვიანი პატიმრობა მოიხადა, თუმცა შემდეგ სასჯელი შეუჩერდა. მაგრამ მალევე გადაწყვეტილება გაუქმდა და 2021 წელს ლი კვლავ ციხეში წავიდა. მან იქ კიდევ შვიდი თვე გაატარა, რის შემდეგაც ბიზნესმენი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და 2022 წელს შეიწყალეს კიდეც.

წყარო: forbes.com

თეონა რამაზაშვილი