მომავალი წლიდან საბერძნეთის პოპულარული ტურისტული კუნძულების, განსაკუთრებით, მიკონოსისა და სანტორინის მიმართულებით საკრუიზო რეისები შემცირდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.
საბერძნეთის ბანკის მონაცემებით, ქვეყანამ გასულ წელს 36 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო, რაც, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით მეტია. მარტო სანტორინიზე საკრუიზო გემებით 1.3 მილიონი ადამიანი ჩავიდა, მაშინ, როცა კუნძულზე მხოლოდ 15 ათასი ადგილობრივი მცხოვრებია.
საკრუიზო რეისების შემცირება ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კერძოდ, საკრუიზო ბილეთების რაოდენობა გარკვეული კვოტით შემოიფარგლება. თუმცა ჯერ უცნობია, თუ რამდენი ბილეთი იქნება ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის: 2028 წლისთვის ტურისტული ლაინერების შესვლა, დღევანდელთან შედარებით, ამსტერდამის პორტშიც განახევრდება. ამსტერდამში ჩასული მდინარის საკრუიზო გემების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, თუ 2011 წელს პორტში 1 327 ლაინერი შევიდა, 2023 წელს მათი რაოდენობა უკვე 2 125 ერთეულს შეადგენდა. ამდენად, ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში, 2028 წელს ამსტერდამში შესვლის უფლება მხოლოდ 1 150 გემს მიეცემა. მერიის დაანგარიშებით, ახალი წესი ტურისტების რაოდენობას წელიწადში 271 000 ადამიანით შეამცირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ