ევროპაში ორგანული მეურნეობის ფართობმა 10.5%-ს მიაღწია

ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო მიწების, დაახლოებით, 10.5% ორგანული მეურნეობაა. მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო, Eurostat ავრცელებს.

ორგანული მიწის ყველაზე მეტი ფართობი ავსტრიაშია, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 27%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე 23%-ით ესტონეთი, შემდეგი კი 20%-იანი წილით შვედეთია.

ორგანული მინდვრები და ბაღები ყველაზე ნაკლებად მალტაში არის განვითარებული, სადაც მათი ფართობი 1%-ზე ნაკლებია. ასევე, ორგანულ მეურნეობას სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 2%, სათითაოდ, ბულგარეთსა და ირლანდიაში უჭირავს.

ცნობისთვის: მეურნეობა ორგანულად ითვლება, სადაც ხელოვნურ სასუქებს ან პესტიციდებს არ იყენებენ და ნიადაგს მხოლოდ ბუნებრივი სასუქებით აღადგენენ. ამასთან, მოყვანილი კულტურები განსაკუთრებული სახით კომბინირდება და ცვლიან ერთმანეთს. პარაზიტებთან საბრძოლველად მხოლოდ მათ ბუნებრივ მტრებს იყენებენ. ამ გზით ორგანული პროდუქტების მწარმოებლები როგორც ნათესებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ახლოს ბიომრავალფეროვნებას ინარჩუნებენ.

მთლიანობაში, ორგანული სასოფლო-სამეურნეო მიწა ევროკავშირში 16.9 მლნ ჰექტარს მოიცავს, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 15.9 მლნ ჰექტარს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ