ონლაინ პლატფორმა ვენის მეფუტკრეებს სკების ადგილების მოძიებაში დაეხმარება

ვენაში ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც ფერმერებთან მეფუტკრეების სწრაფ და უფასო კავშირს უზრუნველყოფს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, რომლებსაც დიდი ფართობები აქვთ, შეუძლიათ ისინი დამტვერვის მიზნით მეფუტკრეებს შესთავაზონ, ხოლო მეფუტკრეებმა, თავის მხრივ, შერჩეულ ადგილას სკები განათავსონ.

ვენელი მეფუტკრეები ხშირად აწყდებიან აყვავებული ადგილების ნაკლებობას, სადაც ფუტკრის ოჯახები გამოკვებას შეძლებდნენ. ახალი პლატფორმა ვენის 700-ზე მეტ მეფუტკრეს, სავარაუდოდ, ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ინიციატივა უკეთესი მოსავლის მოყვანაში ფერმერებსაც ხელს შეუწყობს.

ანალოგიური პლატფორმა 2020 წელს ქვემო ავსტრიაში ამოქმედდა, ხოლო სამი წლის შემდეგ მას ზემო ავსტრიაც შეუერთდა. ვენა მესამე ფედერალური მიწა გახდა, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს.

ცნობისთვის: მსოფლიო მეცნიერების მტკიცებით, მწერებს, მათ შორის, დამმტვერავებს მასობრივი გადაშენება ემუქრებათ, რაც, ასევე, სოფლის მეურნეობაში ქიმიური პესტიციდების გამოყენებით არის გამოწვეული. კერძოდ, ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პესტიციდები ბაზებს (ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ფერების დამახსოვრების უნარს ურღვევენ. ფუტკრების გადაშენება საფრთხეს უქმნის ისეთი მცენარეებისა და ხეების არსებობას, რომლებსაც დამტვერვა სჭირდებათ, ასეთი კი 80%-ზე მეტია. ფუტკრის რაოდენობის შემცირებით თაფლის გარდა, უმეტესი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, მარცვლეულისა და თხილის დეფიციტიც გაჩნდება.

ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში დამმტვერავი მწერების დამაზიანებელი პესტიციდების გამოყენებაზე საერთო ევროპულ რეგლამენტს ამუშავებს. ამასთან, ბლოკმა ფუტკრის დაცვაზე ახალი წესები დაამტკიცა. კერძოდ, შეიქმნება სპეციალური ეკოლოგიური დერეფნები, რომ მწერებმა ლოკალური მინდვრების გარდა, მთელ ევროპაში თავისუფლად იფრინონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ