რა ღონისძიებები გატარდა სვანეთის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის

საქართველოს სხვა ტურისტული ადგილების მსგავსად, სვანეთში ზაფხულის სეზონი უკვე მიმდინარეობს. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ მაგალითად, მესტიაში მდებარე სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია და ობიექტები ელოდებიან, რომ ზაფხულის განმავლობაში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები მზარდი იქნება.

დავინტერესდით, რა ღონისძიებები გატარდა 2020-2024 წლებში სვანეთის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის. აღნიშნულისთვის მივმართეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, თუმცა უწყებამ მხოლოდ გატარებული ღონისძიებების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც საანგარიშო ეპერიოდში სვანეთის ტურისტულად განვითარებისთვის გატარდა:

  • საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები, 26 მაისის ღონისძიება, ზამთრის ფესტივალი „გიზ-გიზი“ და 2 გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“. „გემო ფესტი“ USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა.
  • 2020-2024 წლებში ჯამში ჩატარდა 57 პრეს-ტური, 6 გასტონომიული-ტური, ორი საინფორმაციო-ტური, ერთი გაცნობითი ტური, ერთი ფოტო-ტური და 2 ზურულდის თასი. ამასთანავე, 2 პრეს-ტური USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში სვანეთში 17 საფეხმავლო ბილიკი (ჯამში 248.3 კმ-ის სიგრძის) მოინიშნა. პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთანავე, სვანეთში 2020-2024 წლებში განხორციელდა შემდეგი ტრენინგები:

  • „როგორ დავნერგოთ covid 19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები განთავსებისა და კვების ობიექტებში“;
  • „Covid 19 ვირუსის პრევენციისა და არსებული რეგულაციების შესახებ“ გიდებისა და ტუროპერატორებისათვის. პროექტი USAID/ZRDA-ს დაფინანსებით ჩატარდა;
  • „შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებები განთავსების ობიექტებისთვის covid 19-ის პერიოდში“;
  • „ინკლუზიური ტურიზმი Covid 19-ის პერიოდში“ განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის;
  • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“;
  • ორი ტრენინგი „პირველი სამედიცინო დახმარების“ შესახებ;
  • „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“; „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შშმ პირთათვის“; „პირველი სამედიცინო დახმარება“.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან, პროექტებზე დახარჯული თანხის რაოდენობის მოწოდების შემთხვევაში, „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

მერი ტაბატაძე