მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირები, შემომწირველები - ვინ აგებს გზებს სამეგრელო-ზემო სვანეთში? - TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იმ საგზაო კომპანიების მიმოხილვა წარმოადგინა, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანიები ძირითადად სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. ამასთან, TI-ის ინფორმაციით, მათი ნაწილი დაკავშირებულია მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან. ასევე არიან პოლიტიკური შემწირველებიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში ვკითხულობთ:

„მიმოხილვაში ჩამოთვლილი კომპანიები ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქმიანობენ. ყველა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 676,623,524 ლარის კონტრაქტები მიიღო;

შპს „საგზაომ“, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ამ დრომდე 76,813,353 ლარის შესყიდვები მიიღო. შპს-ს ამჟამინდელი მფლობელი კახაბერ უბილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერებს იგებს კახაბერ უბილავას სიძე, დავით სიჭინავაც, რომელიც შპს “საგზაოში” უბილავას მოსვლამდე ფლობდა მის 100% წილს და ამავდროულად 2013-2022 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში. ამ პერიოდში მან 57,188,154 ლარის 54 ტენდერი მოიგო. დავით სიჭინავა “ქართული ოცნების” შემწირველიცაა;

შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო;

სენაკის მერიის საგზაო მშენებლობის ტენდერებს უმთავრესად იგებს სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი”, რომლის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დემურ გადელიაა. სენაკის მერი ვახტანგ გადელია კი დემურ გადელიას ძმისშვილია და თავად 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ამავე ოჯახთან არის დაკავშირებული შპს “ინდიკოც” - კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა - სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი;

შპს “როუდ პლიუსი” და შპს “ბილდინგ გრუპ 17” ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია. ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28,516,914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15,314,019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის;“

ორგანიზაციის ინფორამციით, კვლევაში მიმოხილულ კომპანიებს ან/და მათთან დაკავშირებული პირებს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ პოლიტიკური შეწირულებებიც აქვთ გაღებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კვლევაში წარმოდგენილ კომპანიათა ნაწილის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.

იხილეთ სრული ანგარიში

ნინი ქეთელაური