რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ივლისშიც არ იმოქმედებს

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე მოხსნილი აკრძალვა ივლისშიც გაახანგრძლივა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში წერია, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, საზღვარგარეთ ბენზინის მიწოდების აკრძალვა 31 ივლისამდე არ იმოქმედებს.

„ექსპორტის დასარეგულირებლად ადრე მიღებულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და საშუალება მოგვცა, შიდა ბაზარი გაგვეჯერებინა. სწორედ ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის შეჩერება 1 ივლისიდან კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს,“, - აცხადებს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, სერგეი ცივილევი.

მისი თქმით, შიდა ბაზარზე საავტომობილო საწვავის რეზერვები საკმარისია და მოთხოვნა მიწოდებით სრულად დაკმაყოფილებულია.

ცნობისთვის: ფედერაციის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით, ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა. თუმცა შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა მაისის ბოლოდან 30 ივნისის ჩათვლით მოიხსნა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს.

ამასთან, ბენზინის მიწოდების შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილება „ნაცრისფერმა ექსპორტმაც“ განაპირობა. ეს მოიცავს ბირჟაზე შეძენილი საწვავის ექსპორტს, რისთვისაც დემპერი რუსეთის ბიუჯეტიდან არის გადახდილი. ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკი მაშინ აცხადებდა, რომ, მათ შორის, ევრაზიული კავშრის ქვეყნების ტერიტორიის გავლით ნავთობპროდუქტების “ნაცრისფერი ექსპორტის” თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება გახდა საჭირო. ამჟამად საწვავის ექსპორტზე საექსპორტო გადასახადი იმ კომპანიებისთვის არის გაზრდილი, რომლებსაც მწარმოებლებთან შეხება არა აქვთ. გადასახადიო ტონაზე 50 000 რუბლს (580 დოლარს) შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ