რამდენს შეადგენდა გადასახადი, რისგანაც „ენგურჰესი“ აფხაზეთში დენის მიწოდების ნაწილში  გათავისუფლდა

­პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესების კასკადი“ აფხაზეთის ტერიტორიაზე დენის მიწოდების ნაწილში, რეგულირებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურებისგან გათავისუფლდა.

ცვლილებების ავტორების განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებს რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური აფხაზეთის ტერიტორიაზე თითოეულ მიწოდებულ კვტ.სთ-ზე ყოველდღიურად ეკისრებოდათ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა.

„გამომდინარე აქედან, კომპანიის გადახდისუნარიანობის შენარჩუნებისათვის თითოეული თეთრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ შესაძლოა, დადგეს არა მხოლოდ საინვესტიციო და ფინანსური, არამედ მიმდინარე ხარჯების დაფარვის შესაძლებლობაც კი“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენს შეადგენდა აღნიშნული გადასახადები. სემეკის ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფი კვტსთ-ზე 0.019 თეთრით არის განსაზღვრული. რაც შეეხება რეგულირების გადასახადს, „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, რომ ის ჰიდროელექტროსადგურების შემოსავლების 0.3%-ს შეადგენს. ენგურჰესი (ვარდნიჰესების) 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შემოსავალი 70.039 მლნ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, იმ წელს კომპანიას რეგულირების გადასახადის სახით 210 117 ლარის გადახდა მოუწევდა. (2023 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის).

შეგახსენებთ, „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესების“ კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება უსასყიდლოდ.

წლების წინ კასკადებისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების ვალდებულების დაკისრების შემდეგ, წარმოიშვა მიუღებელი საფასურის საგადასახადო მიზნებისთვის საწარმოს ერთობლივ შემოსავალში აღიარებასა და ამ თანხების საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხი.

უფრო კონკრეტულად, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესების“ კასკადი ვალდებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური ეღიარებინა ერთობლივ შემოსავალში და საწარმოს მოგების გამოანგარიშებისას გაეთვალისწინებინა აღნიშნული საფასური.

ამის შემდეგ საგადასახადო კანონმდებლობაში განისაზღვრა დებულება, რომლის თანახმად ენგურჰესსა და „ვარდნილჰესების კასკადს“ მიეცა უფლება განესაზღვრა და ჩამოეწერა აღნიშნული (აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება) თანხა, როგორც უიმედო ვალი.

ბოლოს მიღებული ცვლილებების მიხედვით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესები“ რეგულირებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდა.

მერი ტაბატაძე