რუსეთის მოქალაქეებს გაზის გადასახადი 11-წლიან მაქსიმუმამდე გაუძვირდათ

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფს 11-წლიან რეკორდულ დონეზე ზრდის, რომ “გაზპრომის” ბიუჯეტი შეავსოს, რადგან კომპანიამ ევროპული ბაზარი დაკარგა და გასული წელი თავის ისტორიაში რეკორდული სუფთა ზარალით დაასრულა.

ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

კერძოდ, 1-ლი ივლისიდან რეგულირებადი გაზის ფასი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის 11,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა გასული წლის ბოლოს მოაწერა ხელი.

ამასთან, მოქალაქეებისთვის საბინაო-კომუნალური მთლიანი გადასახადი 9,8%-ით, ხოლო ქსელური კომპანიების ტარიფები ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის 9,1%-ით იზრდება.

2025 წლის ივლისიდან მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი კიდევ 8,2%-ით გაიზრდება. ეს პარამეტრები ეკონომიკის სამინისტროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზში შევიდა. ამდენად, ორ წელიწადში მოქალაქეებისთვის გაზის საფასური 20%-ით იზრდება, ხოლო ომის დაწყებიდან გაზის გადასახადმა 34%-ით მოიმატა. კერძოდ, 2022 წელს ტარიფები ორჯერ იქნა ინდექსირებული და ჯერ ივლისში 3%-ით, შემდეგ კი დეკემბერში 8,5%-ით გაიზარდა. 2023 წელს ინდექსაცია არ განხორციელებულა.

The Moscow Times-ის შეფასებით, რუსეთში გაზის ფასი ბოლო წლებში ასე სწრაფად არასდროს გაზრდილა. მაგალითად, 2021 წელს ინდექსაციამ 3%, 2020 წელსაც, ასევე, 3%, 2019 წელს 1,4%, 2018 წელს 3,4%, 2017 წელს 3,9%, ხოლო 2015 და 2016 წლებში სათითაოდ 7,5% შეადგინა.

ბოლოს გაზის ტარიფის მკვეთრი, ანუ წელიწადში 15%-იანი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა.

“ამჟამად ხელისუფლებამ მომხმარებლისთვის ტვირთის დამძიმება “გაზპრომის” ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ფონზე გადაწყვიტა,” - წერს The Moscow Times.

გასულ წელს “გაზპრომმა” 629 მლრდ რუბლის, ანუ 7 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის სუფთა ზარალი განიცადა და 1999 წლის შემდეგ პირველად წელი მინუსით დაასრულა. ეს კომპანიის მთელ ისტორიაში რეკორდული ზარალია.

სახელმწიფო სათათბიროს ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ზავალნიმ ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ 2025 წლისთვის “გაზპრომის” ზარალი შესაძლოა, ტრილიონ რუბლამდე, ანუ 11,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს, რასაც შემოსავლების შემცირება, საგადასახადო ტვირთის გაზრდა და გაზიფიკაციის პროგრამისთვის დაკისრებული გადასახადი განაპირობებს. მისი თქმით, “გაზპრომს” „ექსპორტი მოეშლება,” ხარჯები კი „დარჩება.“

იხილეთ ასევე: “გაზპრომის” გაზის მოპოვება კომპანიის 34-წლიან ისტორიაში მინიმუმამდე დაეცა

მოამზადა ლადო სულაბერიძემ