თურქეთის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან ბინის ქირაზე 25%-იანი ლიმიტი გააუქმა. ინფორმაციას ტელეკომპანია NTV ავრცელებს.
მესაკუთრეებს საშუალება ეძლევათ, ქირა სამომხმარებლო ფასთა ინდექსით განსაზღვრულ დონეზე, ასევე, ინფლაციის მიხედვით გაზარდონ.
ლიმიტირებულ ქირას, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ივლისამდე ჰქონდა გახანგრძლივებული, მესაკუთრეები ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ქირის განსაზღვრისას წლიური ინფლაციის მაჩვენებელი არის გასათვალისწინებელი, რამაც იანვარში 64,86% შეადგინა.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრ ილმაზ თუნჯმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ბინის ქირის ზრდაზე 25%-იანი შეზღუდვის მოხსნას აპირებდა და მას აღარ გაახანგრძლივებდა.
ცნობისთვის: წლის დასაწყისიდან ხელისფლებამ ტურისტებზე საცხოვრებლის ლიცენზიის გარეშე გაქირავების გამო ჯარიმები დააწესა. ტურისტებზე 100 დღეზე ნაკლები ვადით საცხოვრებლის გაქირავების მსურველებს 1-ლი იანვრიდან შესაბამისი ლიცენზიის აღება მოეთხოვებათ, რომლესაც კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო გასცემს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ