„LNG-ის ლომის წილი მოგვეწოდება რუსეთიდან - უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანული პროდუქტი ჭარბობდეს“

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებულია 10.9 მლნ დოლარის გათხევადებული გაზი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 5.49 მლნ დოლარის. მონაცემები აჩვენებს, რომ წელს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 98.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თხევადი აირის იმპორტში რუსეთის წილი 99.5%-ს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსთან“ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აღნიშნავს, რომ „დღეისთვის ლომის წილი თხევადი აირის მოგვეწოდება რუსეთიდან“. მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთს ალტერნატიული ბაზრები მოეძებნოს.

„ალბათ, გაზრდის აზერბაიჯანი თხევადი აირის რაოდენობას და შემდეგ დაბალანსდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი.

მანვე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მიერ რუსეთის თხევად გაზზე დაწესებულ პირველ შეზღუდვებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სანქციების შედეგები „საქართველოს არ შეეხება“.

„ჩვენ არასანქცირებული კომპანიებიდან ვიღებთ ნავთობპროდუქტებს. ბანკები ძალიან მკაცრად აკონტროლებს გადარიცხვებს, სანქცირებულ კომპანიას ბანკი ფულს არ გადაურიცხავს, ამიტომ ეს ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

საქართველოს მისი შედეგები [რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის] არ შეეხება, როგორც იღებდა ამ თხევად გზას, ისე მივიღებთ ჩვენ. მაგრამ არსებობს აზერბაიჯანის ალტერნატივა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანული პროდუქტი ჭარბობდეს ჩვენს ბაზარზე“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

იობაშვილი აღნიშნავს, რომ ნავთობპროდუქტების აზერბაიჯანიდან მოწოდების შემთხვევაში, ხარჯები გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე რუსეთის შემთხვევაშია.

„აზერბაიჯანს საკმარის რაოდენობის თხევადი გაზი არ აქვს იმიტომ, რომ ქარხნების მოდერნიზებას ახორციელებს. ხარისხი და სხვა კომპონენტები არც აზერბაიჯანულს აკლია. თან ყველაზე კარგი ის არის, რომ აზერბაიჯანიდან როდესაც მოდის თხევადი აირი, მოდის რკინიგზით, ბაქო-თბილისი არის 500 კმ, რუსეთიდან წამოღებული პროდუქტი მინიმუმ გადის 2000 კილომეტრს, 2000 კილომეტრზე სულ სხვა ტარიფები აქვს, გადაზიდვა უფრო ძვირი გვიჯდება, აქედან გაცილებით უფრო იაფი დაჯდება“, - დასძინა იობაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო, რომელიც 116 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. ახალი ზომები მოიცავს თხევადი ბუნებრივი აირის, ანუ რუსული LNG-ის რეექსპორტის აკრძალავს. კერძოდ, იზღუდება რუსული LNG-ის ტრანზიტი ევროპის პორტებით, რაც, როგორც გემიდან გემზე, ასევე, გემიდან ნაპირზე გადატვირთვას ეხება. თუმცა ზომები გავლენას არ ახდენს იმპორტზე და მხოლოდ ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში რეექსპორტს ეხება.

იხილეთ ასევე:

რუსული LNG-ის რეექსპორტი, 61კომპანია და Swift-ის რუსული ანალოგი - ევროკავშირმა სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

EU რუსული თხევადი გაზის რეექსპორტზე შეზღუდვას აწესებს - რა წილი აქვს საქართველოში რუსულ LNG-ს

მერი ტაბატაძე