ცოტნე ჯაფარიძე - მაღალმხარჯველიანი ტურისტების შემოდინება შემცირებულია

„მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის შემოდინება არის შემცირებული“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის ის ხალხი, ვინც საქართველოში მოგზაურობის დროს დიდ თანხებს ხარჯავენ.

„ეს ის ხალხია, ვინც დიდ თანხებს ხარჯავს საქართველოში მოგზაურობაში, თუმცა ისინი იმ ქვეყანაში ჩასვლისგან, სადაც პოლიტიკურად მიუღებელი სიტუაციაა, თავს იკავებენ“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის მაღალმხარჯველ ტურისტად მიიჩნევა დასავლეთ ევროპის, ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეები.

„ეს ის ხალხია, რომლებსაც ვერ გავაკვირვებთ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროებით, მაგრამ შეგვიძლია ისინი გავაკვირვოთ ქართული კულინარიით, მეღვინეობით, ბუნებით, დაცული ტერიტორიებით, კულტურით, ტრადიციებით და ყველა იმ ღირსშესანიშნაობებით, რაც ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია.

ზუსტად ეს ხალხი ქმნის ტურისტულ ბაზარზე სტანდარტებს, გვეხმარება ჩვენც, რომ განვვითარდეთ, წინ წავიდეთ და ვისწავლოთ რაღაც. ეს ხალხი თუ არ ჩამოვა, ჩამოვა რუსი, ჩინელი, ის ხალხი, რომლებიც მოიაზრებიან რუსული ორბიტის წარმომადგენლებად, რაც არის დამღუპველია“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისი კომპანიის შემთხვევაში პანდემიამდე ტურისტების 50-55% ამერიკიდან იყო, პანდემიის შემდეგ კი მდგომარეობა შეიცვალა. კერძოდ, „ტრეფიკ თრეველში“ ტურებს გეგმავენ ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან ან ამერიკის და ევროპის მოქალაქეები, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში მუშაობენ ან ცხოვრობენ.

მერი ტაბატაძე