ვაჭრობა არ შედგა - ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების პირველი დღე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ამოქმედების პირველ დღეს, ვაჭრობა არ შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. რეგისტრირებული მონაწილეების სია, ბაზრის წესების შესაბამისად, გამოქვეყნებულია სენბის ვებგვერდზე.

ბაზრის წესების შესაბამისად, ასევე ქვეყნდება სენბის ვებგვერდზე ვაჭრობის შედეგები. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს მოთხოვნისა და მიწოდების აგრეგირებულ მრუდებს, რაზე დაკვირვებითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეაფასონ, რა ოდენობით და რა ფასად იყო ელექტროენერგიით ვაჭრობის მზადყოფნა კონკრეტულ საათში.

რეგისტრირებულმა მონაწილეებმა განათავსეს შესაბამისი განაცხადები. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების დღის ყოველი საათისთვის არსებობდა მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.

ნახაზზე მოცემულია 2024 წლის 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგიის აგრეგირებული ყიდვისა და გაყიდვის განაცხადები. ნახაზიდან ჩანს, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვის, - ნათქვამია ბირჟის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

naxazi-chasma-1719903620.jpg

შეგახსენებთ, რომ 6-ჯერ გადავადების შემდეგ, დღეიდან ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში ნაწილობრივ ამოქმედდა.