საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, მომხმარებელთა დაცვის კანონის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების მე-8 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, ტურიზმის სექტორში, მომხმარებელთა უფლებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, 2023 წელს, საქართველომ 7 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ აღემატება. ეს მაჩვენებელი, თითქმის, უტოლდება პანდემიამდელ პიკს, რაც სექტორის სწრაფი აღდგენის პროცესზე მიუთითებს.
ვიზიტორების ზრდის ფონზე, ბოლო 2 წელია, GCCA უზრუნველყოფს მომხმარებლების, მათ შორის, ტურისტების უფლებების დაცვას. მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება, რომელთა უმრავლესობაც შეთანხმებით სრულდება - ტურისტულ და ავია კომპანიებს, სასტუმრო დაწესებულებებს და მომხმარებელს შორის, რაც პოზიტიური პროცესია. დადგენილია მნიშვნელოვანი სტანდარტები. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია კანონი ტურიზმის შესახებ, რომელიც სრულფასოვნად 2027 წლიდან ამოქმედდება და აწესრიგებს ამ სფეროში ტურისტების უფლებებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება ამ პროცესს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის, დღევანდელი კონფერენცია ამის კარგი შესაძლებლობაა“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობენ - UNCTAD-ის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარესთან ერთად, სესიაზე - „ტურიზმის სექტორში მომხმარებლების დაცვა“ სიტყვით გამოვიდნენ: საფრანგეთის, ურუგვაის, ინდოეთის, UNCTAD -ის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია GCCA-ის თავმჯდომარის და საერთაშორისო ორგანიზაციების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრები. ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებში მონაწილეობს GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.