საბერძნეთმა ექვსდღიანი სამუშაო კვირა დაუშვა

საბერძნეთმა 1-ლი ივლისიდან კვირაში ექვსდღიანი მუშაობის შესაძლებლობა დამატებითი ფულადი კომპენსაციის გადახდით დააკანონა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი, ERT ავრცელებს.

ახალი კანონმდებლობის დებულებები 24-საათიანი ცვლის სისტემის მქონე კომპანიებისა თუ ჰოლდინგის თანამშრომლებზე, ასევე, გარკვეული პირობების გათვალისწინებით იმ ორგანიზაციებზეც გავრცელედება, სადაც 24-საათიანი სამუშაო ციკლი არ მოქმედებს.

ექვსდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლისთვის დამსაქმებელმა წინასწარ უნდა აცნობოს საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შემდეგ კი თანამშრომლებს, ხოლო შრომის ინსპექციას უნდა დაუმტკიცოს, რომ საწარმოს ან კომპანიას დამატებითი სამუშაო გაუჩნდა.

ექვსდღიან სამუშაო კვირაზე ვერ გადავლენ კვების მრეწველობის, ტურიზმის, ღამის ცვლის საწარმოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. გახანგრძლივებული სამუშაო კვირის დანერგვა ნებადართულია ადგილობრივი თვითმმართველობის, საგადასახადო ინსპექციის, ფოსტისა და სხვა სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოსახლეობას ემსახურებიან.

მეექვსე დღეს, დამატებით სამუშაო საათებში დასაქმებულებს 40%-ით მეტს გადაუხდიან. თუ ეს დღე კვირას ან დღესასწაულს დაემთხვა, დასაქმებულს ეძლევა პრემია, რომელიც შესაძლოა, მისი დღიური ხელფასის 115%-ს შეადგენდეს. ამასთან, ახალი კანონმდებლობით, მეექვსე დღეს რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის გადაცილება აკრძალულია.

ცნობისთვის: Eurostat-ის მონაცემებით, ბერძნები ევროკავშირში ყველაზე მეტს მუშაობენ. 2022 წელს მათ სამუშაო დოს კვირაში, საშუალოდ, 42,8 საათი შეადგენდა. თუმცა შრომის ანაზღაურების მიხედვით საბერძნეთი ევროკავშირში მხოლოდ მე-15 ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ