უსაფრთხოა თუ არა გმირთა მოედანზე გადაადგილება

"ესტაკადას, რომელიც ახალ გზას უერთდება, საფრთხე არ მოელის"

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიიდან მეორე დღეს, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, მიმდებარე ტერიტორია ჯერაც წყალშია. ამდენად მნიშვნელოვანია რამდენად უსაფრთხოა გმირთა მოედანზე გადაადგილება, მყარია თუ არა ესტაკადის ნაგებობა და გზის რომელიმე მონაკვეთის ჩანგრევის საშიშროება ხომ არ არსებობს.

როგორც bpn.ge-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, სპეციალისტებმა გმირთა მოედნის ტერიტორია გარეგნულად დაათვალიერეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე გადაწყვეტილება. თუმცა შესაბამისი დასკვნა, რომ ტერიტორიის გეოლოგიური პროცესების შესწავლა მოხდა, არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის დღეს, გვიან ღამით, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე სავალი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. სპეციალისტების შეფასებით, ეს მოძველებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემებმა და გრუნტის ჩამორეცხვამ გამოიწვია. bpn.ge-სთან საუბარში გეოლოგი უჩა ზვიადაძე ამბობს, რომ გმირთა მოედანზე გადაადგილება უსაფრთხოა.

"ესტკადას, რომელიც ახალ გზას უერთდება, საფრთხე არ მოელის. ამაში დარწმუნებული ვარ. კონსტრუქციული თვალსაზრისით, ესტაკადა კაპიტალურად აგებული შენობაა. ამიტომ ჩამონგრევის საშიშროება არ არსებობს. რაც შეეხება გმირთა მოედნის ტერიტორიას, სტიქიის დროს მიწისქვეშ დაგროვილი წყალი სანამ არ აორთქლდება, იქ იქნება. სადრენაჟო სისტემა იქ არ არის, რომ წყლის დაწრეტა მოხდეს. ჩემი აზრი, მიწისქვეშ დაგროვილი წყალი ესტაკადის ბურჯებს რაიმე საფრთხეს ვერ შეუქმნის", - აღნიშნა უჩა ზვიადაძემ.

რაც შეეხება ახალ გზას, სადაც გაწმენდითი სამუშოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გეოლოგი ვარაუდობს, რომ იქ სატრანსპორტო მიმოსვლა უსაფრთხო იქნება, თუმცა მისი თქმით, ახალ გზაზე, რომელიც ვერეს მარცხენა სანაპიროზე გაჭრეს, კლდოვანია ქანებია და ამიტომ, იქაურობა მუდმივად ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

"პერმანენტულად დასჭირდება გაწმენდა და ნარჩენების გატანა. არა მგონია, რომ კლდეზე არსებულმა დამჭერმა ბადეებმა დიდი ქვების დაჭერა უზრუნველყოს. თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო ვერეს ხეობაში ახალი გზის გაჭრა, ესტაკადა უნდა გადაეტარებინათ. თუმცა, ამაზე საუბარი ახლა დაგვიანებულია," - ამბობს ზვიადაძე.

როგორც სინათლის ქალაქის დირექტორმა ვასილ ხორავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ესტაკადებზე სატრანსპორტო მოძრაობის მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე წყლის დონის შემოწმება.

"სპეციალისტებმა გმირთა მოედნის ქვეშ არსებული წყლის დონე შეამოწმეს, რომელიც ნორმაშია. შესაბამისად, სატრანსპროტო მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. ესტაკადებზე მოძრაობა უსაფრთხოა," - დასძინა ჩვენთან საუბარში ვასილ ხორავამ.

როგორც bpn.ge-ს ვასილ ხორავამ განუცხადა, უახლოეს დღეებში ასევე აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა დანარჩენ ორ ესტაკადაზე, რომელიც აქამდე დახურული იყო.

სალომე გოგოხია