უკრაინული მედია - უკრაინა ქართველი ღვინის მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

კორპორაცია „უკვინპრომის“ ადგილობრივი მეღვინეები უკვე ერთი წელია ითხოვენ უკრაინის მიერ სანქციების შემოღებას ქართველი და სომეხი ღვინისა და კონიაკის მწარმოებლების წინააღმდეგ, რომელთა პროდუქცია რუსეთში ჯერ კიდევ იყიდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

რა მოხდა?

უკვე ერთი წელია, რაც „უკვინპრომი“ ეროვნული უსაფრთხოებისგან ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას გეგმავს. მათი სურვილია, კონკრეტულ მწარმოებლებს ათი წლით აეკრძალოთ სავაჭრო ოპერაციები, კაპიტალის გატანა უკრაინის ფარგლებს გარეთ, სასაქონლო ნიშანზე უფლებების გამოყენება, დომენის სახელები, ლიცენზიების გაუქმება და დაბლოკვა. სიაში შედის 17 კომპანია, მათ შორის „სარაჯიშვილი“ და „ძმები ასკანელები“.

„ჩვენ გსურს, გავაუქმოთ მწარმოებლების ნაწილის შემოსვლა, რომლებიც „ორ სკამზე მოკალათებას“ ცდილობენ და პროდუქციას რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყიდიან და ამავდროულად უკრაინის ტერიტორიაზეც რჩებიან. ეს პირველ რიგში შეეხებათ მათ, ვისაც რუსი ხელმძღვანელობა ჰყავს“ - განაცხადა „უკვინპრომის“ დირექტორმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ღვინის მწარმოებლები, ვისზეც არის ჩამონათვალში საუბარი, კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

რა რაოდენობის ქართულ ღვინოს მოიხმარს უკრაინა?

ქართული ღვინოები და ქართული კონიაკები უკრაინის ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში იყიდება.

2019 წლამდე ქართული ღვინო ნომერ პირველი იყო იმპორტირებულ ღვინოებს შორის და უკრაინაში ჩამოსხმული ღვინის გაყიდვების 70%-ზე მეტს შეადგენდა. ამჟამად ქართული ღვინის წილი, ბაზრის მონაწილეების აზრით, იმპორტირებული ჩამოსხმული ღვინის კატეგორიაში 20%-ს არ აღემატება.

2006 წელს, რუსული ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის დიდი ნაწილი უკრაინისკენ გადამისამართდა. მიუხედავად ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ეკონომიკური ბარიერების არარასებობისა, ბოლო 4-5 წელში ქართული ღვინის წილი უკრაინაში შემცირდა და ის იტალიურმა და ესპანურმა ღვინოებმა ჩაანაცვლა.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ალკოჰოლზე მოთხოვნა დაეცა და მხოლოდ ახლა უბრუნდება ის ომამდელ ნიშნულს, თუმცა თუ ადრე მყიდველები უფრო ძვირიან სასმელს ყიდულობდნენ, ახლა ფასს მეტ ყურადღებას აქცევენ. კლება დაფიქსირდა საშუალო ფასების სეგმენტში.

ცნობისათვის, 2024 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 35.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიტანეთ ექსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5% იყო.

ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე პოლონეთია, მესამეზე კი უკრაინა, თუმცა ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის, პოლონეთისა და უკრაინის წილებს შორის სხვაობა დიდია. უფრო კონკრეტულად, მაშინ როცა მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5%-ია, მეორე ადგილზე მყოფი პოლონეთის წილი მხოლოდ 4.6%, ხოლო მესამე ადგილოსანი უკრაინის წილი 3.6%-ს შეადგენს.

იანვარ-მაისში რუსეთში, პოლონეთსა და უკრაინაში განხორციელებული ქართული ღვინის ექსპორტი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - ექსპორტირებულია 104.55 მლნ დოლარის 38 661 ტონა
  • პოლონეთი - ექსპორტირებულია 6.443 მლნ დოლარის 2 609 ტონა
  • უკრაინა - ექსპორტირებულია 4.983 მლნ დოლარის 1 778 ტონა

ეკა დარჩიაშვილი