დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“, და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 375,91 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 56 344,29 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 27 524,2 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.