შემოდგომის მეორე ნახევარს შიშით ვუყურებთ, არ გვაქვს სტაბილურობის შეგრძნება - გიდი

„სეზონი ნორმალურად მიმდინარეობს, იყო გარკვეული შიშები და მცირე რაოდენობის ჯავშნები გაუქმდა, თუმცა კანონის გრძელვადიანი შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

როგორც გიდი აღნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შედეგები შემოდგომიდან გამოჩნდება, აქედან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი შემოდგომის მეორე ნახევარს „შიშით უყურებს“, რაც სექტორის სტაბილურობას ხელს უშლის.

„საშუალოზე კარგად მიმდინარებს სეზონი, ათ ბალიანი სისტემით შევაფასებდი რვით. ნორმალურად მიდის ზაფხულის სეზონი, მაგრამ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იწვევს. სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობა პირდაპირ არის მიბმული პოლიტიკურ მოვლენებზე. შემოდგომის მეორე ნახევარს შიშით ვუყურებთ, ამიტომ არ გვაქვს სტაბილურობის შეგრძნება“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

კითხვაზე, საქართველოს რომელი ადგილების მიმართ იჩენენ ტურისტები დაინტერესებას, გიდი გვპასუხობს, რომ დაინტერესება უმეტესად არის მცხეთის, კახეთის, სამეგრელოს, აჭარისა და ცენტრალური პოპულარული ადგილების მიმართ.

„საქართველოში მაინც ჯერ ახალგაზრდა ქვეყანაა ტურიზმში და როგორც წესი, ქვეყანა როდესაც ახალია ტურისტულ რუკაზე, ძირითადად მისი პოპულარული და ცენტრალური ადგილების ათვისება ხდება, მაგალითად ისეთის, როგორიც არის მცხეთა, კახეთი, მარტვილის კანიონი, ბათუმი (შავი ზღვის სანაპირო დაიტვირთება ახლა როგორც ყოველთვის)“, - აღნიშნავს გიორგიძე.

მანვე აღნიშნა, რომ დასავლელი ტურისტების მხრიდან დიდია ინტერესი თუშეთის, სვანეთის, რაჭის მიმართ და ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი სამცხე-ჯავახეთზე.

„უფრო მეტად პოპულარული ხდება სამცხე-ჯავახეთი, რაც ადრე არ იყო, მაგრამ ჯერჯერობით მოთელვის ხასიათს ატარებს. გვიწევს ხოლმე, რომ თავად შევთავაზოთ ეს ყველაფერი ტურისტებს, რადგან თავად ნაკლებად იჩენენ ინტერესს, რადგან საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიების უმეტესობის შეთავაზებაში მხოლოდ ის ტოპ ადგილები უდევთ, რომელიც პოპულარულია და ნაკლებად ცდილობენ ნაკლებად პოპულარულ ადგილებში სიარულს“, - დასძინა გიდმა.

მერი ტაბატაძე