რა გვაჩვენა ვაჭრობის პირველმა დღემ ენერგეტიკულ ბირჟაზე - მაია მელიქიძის პასუხი

ენერგეტიკულ ბირჟაზე ამოქმედების პირველ დღეს, ვაჭრობა არ შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

რა გვაჩვენა ვაჭრობის პირველმა დღემ - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ინვესტორების მხრიდან დიდი მოლოდინი იყო ამ ბირჟის გახსნის. ეს პროცესი არის ნებაყოფლობითი და ნებისმიერი რამ, რაც არის ნებაყოფლობითი, ისეთი წარმატებული ვერ არის ხოლმე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გადადებას უსაფრთხო სტარტის აღება სჯობდა. მინდა მივმართო კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ნებაყოფლობით შესვლა იმას ნიშნავს, რომ გარკვეული რისკები იქნება დაზღვეული. დიდი ალბათობით, მომავალ წელს, 1-ელ ივლისს ბირჟა უკვე სავალდებულო რეჟიმში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალდებულო გახდება რეგისტრაციაც, ვაჭრობაც და ამ დროს შესაძლოა, ისეთმა გაუთვლელმა რისკმა იჩინოს თავი, რომ სასურველია ეს ყველაფერი ნებაყოფლობით რეჟიმში იქნას აღმოფხვრილი“ - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მაია მელიქიძე ბირჟაზე ელექტროენერგიის ფასსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ის იაფი ვერ იქნება.

„ელექტროენერგია იაფი ვერ იქნება. ფასი იქნება სამართლიანი და ობიექტური, მაგრამ რადგან ვართ დეფიციტრური ქვეყანა ანუ ვერ ვაგენერირებთ იმ რაოდენობა ელექტროენერგიას, რაც საჭიროა და ამ დროს ვამბობთ, რომ იმპორტიორები არ დაიშვებიან, რადგან ისინი ადგილობრივ წარმოებას შეუშლიან ხელს. სწორედ ამას სჭირდება მეორე მხრივ მუშაობა, ანუ გენერაციების ობიექტების გამრავალფეროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ფასი გვექნება არასახარბიელო“ - აცხადებს მელიქიძე.

როგორც ის ადასტურებს, რომ გარკვეულ ეტაპზე ბირაზე ვაჭრობა ხელმისაწვდომი მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის იქნება.

„შეხვედრაზე, რომელიც წინა კვირაში შედგა, სადაც ვნახეთ, რომ გარემოება არ არის საინტერესო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვე უნდა დავაკვირდეთ. ამის მერე შედგება კიდევე რთი შეხვედრა, სადაც კერძო სექტორის ინიციატივებს განიხილავს სახელმწიფო სექტორი, იმისათვის, რომ შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმი. დღევანდელი კანონმდებლობით, ჰოლდინგური კომპანიების კონკრეტული შპს-ები არიან უფლებამოსილნი, რომ ელექტროენერგიის ყიდვა შეძლონ“ - განაცხადა მაია მელიქიძემ.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 4 და 5 ივლისს, საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ფორუმი და გამოფენა ჩატარდება, სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ. იქნებიან სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ანალიტიკური ხასიათის კომპანიები, რომლებიც აღწერენ, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ 6-ჯერ გადავადების შემდეგ, დღეიდან ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში ნაწილობრივ ამოქმედდა. "2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. რეგისტრირებული მონაწილეების სია, ბაზრის წესების შესაბამისად" - გამოქვეყნებულია სენბის ვებგვერდზე.

ეკა დარჩიაშვილი